გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფო საიმპორტო ტერმინალებს დაავალა, რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) მიღებაზე უარი თქვან. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია Deutsche Energy Terminal-ს უბრძანა, რუსული LNG-ის არანირი მიწოდება აღარ მიიღოს.
სამინისტროს ცნობით, ბრძანება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების“ დასაცავად გამოიცა და ოპერატორ კომპანიას რუსული LNG-ის მიწოდება „შემდეგ შეტყობინებამდე“ აეკრძალა.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე გერმანია ევროპაში რუსული გაზის უმსხვილესი იმპორტიორი იყო. მას შემდეგ, რაც პუტინმა გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყვიტა, კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობამ ალტერნატივების ძიება დააჩქარა და ზღვით LNG-ის იმპორტისთვის ტერმინალები ააშენა.
წერილში ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ასეთი მიწოდების დაშვება ტერმინალების შექმნის მიზანს, ანუ რუსული გაზისგან გერმანიისა და ევროკავშირის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ეწინააღმდეგება.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანია რუსული LNG-ის იმპორტს არ ეწევა და სამინისტროს ბოლო ბრძანებაც იმის გარანტიაა, რომ ეს უცვლელი დარჩება,” - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, გერმანულ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია Sefe-ს იამალის რუსული ქარხნიდან LNG-ის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს დადებული. თითქმის, მთელი მოცულობა საფრანგეთის საიმპორტო ტერმინალში იგზავნება, სადაც LNG აირისებრ მდგომარეობაში გადაჰყავთ და ევროპის გაზსადენების სისტემაში უშვებენ. საფრანგეთიდან მილსადენის გაზს გერმანია 2022 წლის ოქტომბრიდან იღებს.
იმის მიუხედავად, რომ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ LNG-ზე აკრძალვა დააწესა, ევროკავშირი ამ ტიპის საწვავის იმპორტს განაგრძობს. კერძოდ, ევროპაში LNG-ის მთლიან მიწოდებაში რუსეთის წილი 20%-ია. რუსული LNG-ის უმეტესი ნაწილი საფრანგეთში, ესპანეთსა და ბელგიაში გრძელვადიანი კონტრაქტებით შედის, რომლებზეც კომპანიებს უარის თქმა მანამ არ შეუძლიათ, ვიდრე სრული აკრძალვა არ ამოქმედდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ