„წელს ევროპიდან დამსვენებლები არ გვყავდა, ამის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყოს,“ - ამის შესახებ Step Inn-Kazbegi-ის დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს რადიკალურად შეიცვალა სურათი და ევროპელი დამსვენებლები, აზიიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა ჩაანაცვლეს.
„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რადიკალურად შეცვლილია სურათი. თუ, შარშან ზაფხულის განმავლობაში ევროპელი დამსვენებლები გვყავდა, წელს აზიიდან ბევრად მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა ყაზბეგში. ეს არა მხოლოდ ჩვენი სასტუმროს შემთხვევაში, მთლიან რეგიონზე მაქვს საუბარი. იმიტომ, რომ ერთმანეთთან ვკონტაქტობთ სხვადასხვა სასტუმროები. არაბები, ინდუსები და ებრაელები იყვნენ ძირითადი მასა, დამსვენებლების 70-80%-ს ეს 3 ქვეყანა წარმოადგენდა, რაც ძალიან რთულია, რადგან მათ სპეციფიკური მოთხოვნები და საჭიროებები აქვთ. კვების კუთხითაც და სასმელთან მიმართებითაც. თუ ჩვენ ვპოზიციონირებთ როგორც ქვეყანა, სადაც კვება და ღვინო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და ამით ვიდენტიფიცირდებით, აღნიშნული ქვეყნებიდან დამსვენებლებისთვის არანაირ ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს, რადგან მათ აქვთ შეზღუდვები როგორც კვების, ისე ალკოჰოლის მიღების კუთხით. შესაბამისად, ის პარალელური გაყიდვები, რაც დამსვენებლებზე გათვლილი აქვს ბიზნესს, ფაქტობრივად ჩავარდნილი იყო, მთელი სეზონის განმავლობაში და ადგილობრივ რესტორნებსაც ძალიან უჭირდათ თავის გატანა“,- ამბობს ანი ალიბეგაშვილი.
რაც შეეხება ტურისტების სეგმენტის შეცვლის მიზეზს, ალიბეგაშვილი ამბობს, რომ ეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
„ამის მიზეზი იყო ის პროცესები, რაც ქვეყანაში ხდება, ნებისმიერი განცხადება, პოლიტიკური პარტიებიდან იქნება ეს თუ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, ის პროცესები, რაც მთელი გაზაფხულის განმავლობაში, მათ შორის გადაკეტილ ცენტრალურ ქუჩას მოიაზრებდა... თუ ტურისტს არ აქვს განცდა, რომ უსაფრთხო გარემოა, მითუმეტეს ევროპელს, მას შეუძლია აირჩიოს ბერად სტაბილური ქვეყანა და გადადოს საქართველოში მოგზაურობა. ფაქტია ის, რომ წელს ევროპიდან დამსვენებლები არ გვყავდა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყოს ამის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. სხვა მხრივ, ისევ ისეთი ლამაზია საქართველო, ისევ იგივე ხალხი ცხოვრობს, იგივე კვება გვაქვს, უბრალოდ, რაღაც შეიცვალა, რამაც სურათიც რადიკალურად შეცვალა,“ - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.