„2030 წლისთვის ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა შესაძლებელი რომ იყოს, დღეს უკვე უნდა შენდებოდეს „ნენსკრა“, „ხუდონი“ და ნამოხვანი“

„2030 წელს საქართველოს ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა შესაძლებელი რომ იყოს, დღეს უკვე უნდა შენდებოდეს სამი ის პროექტი, ან მათგან 2 მაინც, როგორიც არის „ნენსკრა“, „ხუდონი“ და „ნამოხვანი“,- ამის შესახებ ენერგეტიკის ექსპერტმა პაატა ცინცაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ სამი ჰესიდან 6 წელიწადში ვერცერთი ვერ აშენდება.

„6 წელიწადში ვერცერთი ეს ჰესი ვერ აშენდება. ამ პერიოდში ვერ დაამთავრებ, ვერც ერთი მათგანის მშენებლობას. ამიტომ, თუ ეს მიზანი გვაქვს, დიდი ჰესების მშენებლობას უნდა აენთოს მწვანე შუქი, რომ მისი მიღწევა რეალური გახდეს. თუ ხვალ დაიწყება მშენებლობა, 7-8 წელი მაინც დასჭირდება ასეთ სადგურებს.

საქართველოში 2 მდინარეა, რომელზეც შეიძლება გადაწყდეს საქართველოს ენერგეტიკის მომავალი. ეს არის ენგური და რიონი. შესაბამისად, საუბარია „ნამოხვანზე“, „ნენსკრასა“ და „ხუდონზე“, დანარჩენი ჰესები, რა თქმა უნდა, თავის წვლილს შეიტანს, თუმცა ელექტროენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს. ამის გაკეთება მხოლოდ დიდ ჰიდროელექტროსადგურებს შეუძლია“,- აღნიშნა პაატა ცინცაძემ.

ნათია ზარიძე