სოხუმის აეროპორტში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პირველი ტექნიკური ავიარეისები ხორციელდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ტელეკომპანია Абаза ТВ-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბჟანიას თქმით, ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით შეძლო ობიექტის უწყვეტი ელექტრომომარაგება.
2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“ განახორციელებდა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ორგანიზაციამ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო.