საქართველოში 2024-2034 წლებში 217 ჰესის ამოქმედება იგეგმება, - ამის შესახებ ვკითხულობთ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯამში 217 ახალი ჰესის დადგმული სიმძლავრე 3812 მგვტ-მდე იქნება, ხოლო წლიური გამომუშავება 15.6 მლნ.კვტ.სთ იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ათწლიან გეგმაში ასაშენებელ ჰესებს შორის იყო „ხობი 2 ჰესიც“, რომელიც ექსპლუატაციაში ოქტომბრის ბოლოს გაეშვა.
ამასთან, ათწლიანი გეგმის მიხედვით, „ნამახვანი ჰესების კასკადი“ (დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ), „ნენსკრა ჰესი“ (დადგმული სიმძლავრე 280 მგვტ.) და „ხუდონი ჰესი“ (დადგმული სიმძლავრე 702 მგვტ) ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2032 წლის ბოლოს უნდა შევიდეს.
ცნობისთვის, სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 126 ჯამში სადგური ფუნქციონირებდა (მათ შორის თბო, ქარის და ჰიდრო).