გასული 2 წლის რეკორდული ზრდის შემდეგ, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპი შენელდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავის ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მათივე ანგარიშის თანახმად, შემცირება განპირობებული იყო მიგრანტების გადინებით, ფასების ზრდით, მაღალი საპროცენტო განაკვეთითა და ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობით.
„ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია და 2025 წლისთვის ჩვენ ველოდებით ფასების არსებულ დონეზე დასტაბილურებას“, - ვკითხულობთ მიმოხილვაში.
კვლევის თანახმად, უძრავ ქონებაზე მზარდია მოთხოვნა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, განსაკუთრებით კი გამოსაყოფია ისრაელის მოქალაქეები, რომელთა მიერ ბათუმში შეძენილი უძრავი ქონების მაჩვენებლები 55%-ით არის გაზრდილი.
„პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 2024 წლის 9 თვეში წლიურად 22.9%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ეს შემცირება ადგილობრივებზე და რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვების კლებას უკავშირდება. ამის საპირისპიროდ, ისრაელის მოქალაქეებზე გაყიდვები წლიურად თითქმის 55%-ით გაიზარდა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვები შედარებით ნაკლებად შემცირდა,“ - აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ უცხოელების მხრიდან მაღალი მოთხოვნის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია ფასების ზრდა.
„ბათუმში პირველად ბაზარზე საშუალო ფასმა განაგრძო ზრდა და წინა კვარტალთან შედარებით 3%-ით გაიზარდა, თუმცა ფასის ზრდის ტემპი შენელებულია. 2022-2023 წლების განმავლობაში, ფასების ზრდის ყოველთვიური ტემპი 2-3%-ს შეადგენდა, თუმცა 2024 წელს 1%-ზე დაბალია.
2024 წლის 9 თვეში, ბათუმში გაყიდული ბინების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ 675.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდს 10%-ით ჩამორჩება და ბინების გაყიდვების შემცირების შედეგია,“ - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში.