„მსოფლიოში ფასები იზრდება, საქართველოში კი ინფლაცია მიზნობრივზე დაბალ ნიშნულზეა - ზრდის ტენდენციას მივყვებით, მაგრამ მკვეთრად დაბალი მაჩვენებელია“

მსოფლიოში ფასები იზრდება, საქართველოში კი ინფლაციის მაჩვენებელი თვიდან თვემდე იკლებს. ასე მაგალითად, ამ წლის ოქტომბერში სურსათს გლობალურმა ფასებმა 18-თვიან მაქსიმუმს მიაღწია. საქართველოში კი, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3 პროცენტი შეადგინა.

როგორც ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, „საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე დაბალია, მაგრამ აქ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი“.

„ინფლაცია მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელზეა, მაგრამ აქ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. მაგალითად ის, რომ ეს არის მცირე პროცენტული ზრდა მკვეთრად გაძვირებულ ფასებთან შედარებით. ანუ 0,3%-იანი ინფლაცია არ ნიშნავს იმას, რომ ფასები შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 0,3%-ით გაიზარდა უკვე გაძვირებული პროდუქტები. თუ მოსახლეობის მხრიდან არის ასეთი დამოკიდებულება, რომ პროდუქტები გაძვირდა და ასევე გაძვირდა ცხოვრება, სამართლიანი მიდგომაც არის, რადგან შედარება არ ხდება ერთ თვიან ჭრილში, არამედ წლების წინანდელ მონაცემებს ვაკვირდებით.

მაგალითად, თუ 2023 წლის ინფლაციის მაჩვენებელი 0.4%-ია, 5-წლიან ჭრილში თუ გადავიყვანთ, საერთო ჭრილში 28%-ზე მაღალი ინფლაცია გამოდის.

საქართველოში სურსათზე ფასების შემცირების ტენდენციას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს:

  • FAO-ს მონაცემებით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით, სურსათის ინდექსზე 0.8%-იანი ზრდა იყო. ანუ ზრდის ტენდენციას ჩვენც ვიმეორებთ, თუმცა ის ბევრად დაბალია.
  • FAO-ს მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით, წელს ოქტომბერში 8.3%-ით შემცირდა ფასები, ჩვენთან კი მხოლოდ 0.2%-ით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს საბაზო ფასები, ანუ მკვეთრად გაზრდილი ფასების ფონზე მცირედით გაიზარდა და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან უფრო ნაკლები ფასებია, ვიდრე ევროპაში.
  • სექტემბერთან შედარებით ოქტომბერში, FAO-ს მონაცემებით ზეთის ფასები 7.3%-ით გაიზარდა, საქართველოში კი 1.67%-ით. ამ შემთხვევაში საუბარია ბაზრებზე, საიდანაც შემოდის ზეთი, ჩვენს შემთხვევაში ეს არის რუსეთი, საიდანაც დაბალ ფასად შემოდის პროდუქტი. სხვა საკითხია ხარისხი, მაგრამ ამ შემთხვევაში ფასებზე ვსაუბრობთ.

ამასთან, დაბალშემოსავლიანი ადამიანების ინდივიდუალურ მონაცემებს რომ ჩავხედოთ, ავიაბილეთების ფასების ზრდა მათ პირად სამომხმარებლო კალათაში არ შედის, არამედ შედის ის პირველადი მოხმარების პროდუქტები, სადაც მკვეთრად გაზრდილია ფასები, ზოგიერთი მათგანი 100%-ზე მეტადაც კი.

რომ შევაჯამოთ FAO-ს და ჩვენი მონაცემები, გამოდის, რომ ზრდის ტენდენციას მივყვებით, მაგრამ მკვეთრად დაბალი მაჩვენებელია.

ასევე აუცილებელია, რომ საბაზო ეფექტი განვიხილოთ წლიურ და არა თვიურ ჭრილში. ასევე საქმე გვაქვს ალტერნატიული ბაზრების მოძიებასთან და რიგ პროდუქტებს ეს შეეხება. ასევე ვალუტის კურსი, რომელიც ეროვნულ ბანკს უჭირავს. ის, რომ არ უფასურდება ვალუტა, ეს აისახება იმპორტირებულ პროდუქტზე და შესაბამისად გვაქვს ის, რაც გვაქვს,“ - აღნიშნა ეკონომისტმა.

ეკა დარჩიაშვილი