რა მოეწყობა და როგორი იქნება განახლებული სპორტის სასახლის ტერიტორია (+ფოტო)

სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამასთან, ადგილზე დაგეგმილია სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაც. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ორი დღის წინ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სპორტის სასახლის ძირითადი სივრცეები და შენობა შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. გარდა ამისა, დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობა და ისტორიული ფუნქციის აღდგენა.

„მოწესრიგდება ყველა ძირითადი სივრცე, რაც გულისხმობს იატაკის საფარის, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, ვიპ-შემოსასვლელის, ავეჯის და სხვა სივრცეების მოწესრიგებას; იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის სასახლე წარმოადგენს ისტორიულ შენობას, მაქსიმალურად შენარჩუნდება ისტორიული მასალები, განსაკუთრებით ბუნებრივი ქვის მოპირკეთება; სპორტის სასახლე აღიჭურვება მისი მრავალფუნქციური დანიშნულებისთვის საჭირო მოწყობილობებითა და სისტემებით, რაც მოიცავს განათების, ხმის, ვიდეო, ეკრანის, სცენის, იატაკის საფარის, რიგირების, ტრანსლაციის, გამყოფ, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის სისტემებსა და მოწყობილობებს.

პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების ისტორიული ფუნქციის აღდგენა, კერძოდ: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცე; კეთილმოეწყობა მეტროში ჩასასვლელი კიბეები და მიმდებარე სივრცეები; ამავე ტერიტორიაზე მმართველი კომპანია გეგმავს პადელის ღია კორტების მოწყობას; მოწესრიგდება საპარკინგე ზონა და დარეგულირდება სატრანსპორტო გეგმა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სპორტის სასახლის სტუმრებისთვის,” -განაცხადა თბილისის მერმა 13 ოქტომბერს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ცნობისთვის, სპორტის სასახლე მუნიციპალური საწარმოს საკუთრებაა. ის 2007 წელს ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია „ლოჯი გრუპს“ გადაეცა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რენდერებს თუ როგორი იქნება სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ.

sportis_sasaxle

sportis_sasaxle

sportis_sasaxle

sportis_sasaxle

მერი ტაბატაძე