„საქართველოდან უამრავი ადამიანია ემიგრაციაში წასული, რაც ძალიან ემჩნევა სერვისს, რომელსაც ვაწვდით ქვეყანას,“ - ამის შესახებ Step Inn-Kazbegi-ის დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყაზბეგში (და არამარტო) კადრების დეფიციტი ეხება არა მხოლოდ დიდ, არამედ პატარა ზომის სასტუმროებს, „გესთჰაუსებს“ და კოტეჯებსაც.
როგორც ანი ალიბეგაშვილი აღნიშნავს, სამუშაო ძალის მოძიება ძირითადად თბილისსა და რეგიონებში ხდება, თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც დასაქმებულები ზამთარში ითრგუნებიან და მუშაობის გაგრძელება უბრალოდ აღარ უნდათ.
„ფასები იზრდება, მაგრამ მომსახურება ვერ უმჯობესდება იმიტომ, რომ ქვეყნიდან ძალიან დიდი გადინებაა და დასასაქმებელ სამუშაო ძალაში სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით. იმიტომ, რომ არა მხოლოდ ადამიანის კვალიფიკაცია, არამედ მისი შინაარსიც საინტერესო უნდა იყოს, როდესაც განსაკუთრებულ სერვისს ქმნი. სამწუხაროდ, საქართველოდან უამრავი ადამიანია ემიგრაციაში წასული, რაც ძალიან ემჩნევა სერვისს, რომელსაც ვაწვდით ქვეყანას.
კადრების დეფიციტი ეხება არა მხოლოდ დიდ, არამედ პატარა ზომის სასტუმროებს, „გესთჰაუსებს“ და კოტეჯებს. ფაქტობრივად, შეუძლებელია ნახო სამუშაო ძალა. ადგილზე ძებნას აზრიც არ აქვს, იმიტომ, რომ ისედაც პატარა რეგიონია ყაზბეგი, მოსახლეობა პატარაა, იქ ყველას აქვს თავის საქმე და დასასაქმებელთა რაოდენობა ძალიან დაბალია, ამიტომ, გვიწევს თბილისიდან და რეგიონებიდან ადამიანების წაყვანა. მაღალმთიან ნაწილში კლიმატური ამბავიც ემატება, ზაფხულში ვისაც მოსწონს, ზამთარში უკვე (დიდთოვლობაში) ითრგუნებიან და ძალიან ხშირად, მუშაობის გაგრძელება უბრალოდ აღარ უნდათ და მიდიან.
რაღაც მომენტში, ალბათ, გასაგებიც არის, უბრალოდ, რეგიონებიდან ხდება მათი წაყვანა, ცხოვრების, კვების ხარჯი ემატება ბიზნესს, ანაზღაურებაც ბევრად უფრო მაღალია, 20-30%-ით უკეთესი უნდა შესთავაზო, ვიდრე თბილისშია და საბოლოო ჯამში, მაინც ვიწროვდება ამ ადამიანთა წრე. გრჩება მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც მთა მართლა უყვარს,“ - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.