საქართველოში მხოლოდ მიმდინარე თვეში ანუ 1-15 ნოემბრის პერიოდში უკვე 3 მიწისძვრა მოხდა, სადაც ბიძგების მაქსიმალური სიმძლავრე 4.1 მაგნიტუდას შეადგენდა. საქართველოში არა, თუმცა, საზღვართან ახლოს, 61 კმ-ში, თურქეთის ტერიტორიაზე 5 ბალიანი მიწისძვრა დღესაც დაფიქსირდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი ამბობს, რომ საშუალო სიმძლავრის მიწისძვრები სულ ხდება და მას ხელოვნური ჩარევები არ იწვევს. მისი თქმით, მრავალწლიან სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ასეთი პერიოდები ხშირად ყოფილა.
„ვერ ვიტყვი, რომ გახშირებულია. მიწისძვრებს ახასიათებს ეს, მუდმივად საშუალო სიჩქარით არ ხდება. მრავალწლიან სტატისტიკას, რომ შევხედოთ, ასეთი ტენდენცია ხშირად ყოფილა, ეს ახასიათებს მიწისძვრებს.
საერთოდ, სეისმურად აქტიურ რეგიონში ვართ, თან, გლობალურ სკალაზე თუ შევხედავთ, ეს არ არის მაღალი სიმძლავრის მიწისძვრები. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუნდაც, 10-წლიან სტატისტიკაში, ეს პერიოდი დიდად არ გამოირჩევა მიწისძვრების სიხშირით.
ასეთი ფონური მიწისძვრები ყოველთვის ხდება და მასზე ხელოვნური ჩარევები ვერ ახდენს გავლენას. მაშინ ეს იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ შევნიშნავდით. მაგალითად აფეთქება, მაგრამ არც ეს იწვევს ძლიერ მიწისძვრებს,“- ამბობს ზურაბ ჯავახიშვილი.