პაციენტს შეუძლია ზიანის ანაზღაურებაზე ედავოს როგორც მედიკოსს, ისე სამედიცინო დაწესებულებას - იურისტი

„პაციენტს შეუძლია ზიანის ანაზღაურებაზე ედავოს როგორც მედიკოსს, ისე სამედიცინო დაწესებულებას, რადგან ორივე ვალდებულია აუნაზღაუროს პაციენტს მიღებული ზიანი“, - ამის შესახებ საადვოკატო ბიურო „OK & CG" -ს ხელმძღვანელმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტმა პირველ ეტაპზე, განცხადებით უნდა მიმართოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. შემდეგ კი სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე შეუძლია სასამართლოში საჩივარი შეიტანოს.

„პაციენტების უფლებების დაცვისთვის რამდენიმე გზა არსებობს. პირველ ეტაპზე, პაციენტმა განცხადებით უნდა მიმართოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. ეს გზა არის აუცილებლად გასავლელი, რადგანაც აქ შეიძლება გამოიკვეთოს თუ საით შეიძლება წავიდეს შემდეგში საქმე.

თუ აღნიშნული მიმართვის განხილვისას გამოჩნდა, რომ ექიმის გადაცდომას ჰქონდა უხეში ფორმები, რამაც სხეულის თუ ჯანმრთელობის ძალიან დიდი მოშლა გამოიწვია, შესაძლებელია საქმე დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და გადაეცეს გამოძიებას.სიმძიმიდან გამომდინარე, სამედიცინო კომისია უფლებამოსილია მასალები გადასცეს გამოძიებას ან გამოკვლევის პარალელურად, მოხდეს საქმის საგამოძიებო უწყების მიერ გამოძიება“, - აღნიშნა იურისტმა.

როგორც მან განმარტა, სამედიცინო კომისია ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხს არ აყენებს. ამისთვის სასამართლოში სამოქალაქო დავის დაწყებაა საჭირო. პაციენტს შეუძლია ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს როგორც ექიმს, ისე კლინიკას.

„სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო არ აკისრებს ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას რაიმე მატერიალური ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობას, არამედ ის მხოლოდ ადგენს გადაცდომას და მხოლოდ ამის შემდეგ მსჯელობს, რა დისციპლინარული პასუხისმგებლობა შეუფარდოს ექიმს, ჩამოართვას თუ არა ან შეუჩეროს სახელმწიფოს მიერ გაცემული ლიცენზია, ან სანქცირების რა ზომა მიიღოს ექიმის წინააღმდეგ.

პაციენტი უფლებამოსილია ეს დასკვნა და მტკიცებულებები წაიღოს სასამართლოში, აღძრას სამოქალაქო დავა და მოითხოვოს, როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის ანაზღაურება. პაციენტს შეუძლია ედავოს როგორც მედიკოსს, ისე სამედიცინო დაწესებულებას ზიანის ანაზღაურებაზე ცალ-ცალკე, რადგან ორივე ვალდებულია აუნაზღაუროს პაციენტს მიღებული ზიანი“, - განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

ნათია ზარიძე