2019-2023 წლებში შინამეურნეობების რეალურმა მედიანურმა შემოსავალმა 1,027 ლარი შეადგინა - PMCG

„2019-2023 წლებში შინამეურნეობების ნომინალური მედიანური შემოსავალი 50.1%-ით გაიზარდა და 1,328 ლარი შეადგინა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ამავე პერიოდში გაზრდილ სამომხმარებლო ფასებს (2019-2023 წლებში 29.3%-ით გაიზარდა), შინამეურნეობების რეალური მედიანური შემოსავალი მხოლოდ 16.6%-ით გაიზარდა და 1,027 ლარი შეადგინა“,- ამის შესახებ ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის პუბლიკაციაშია ნათქვამი.

პუბლიკაციაში განხილულია შინამეურნეობების შემოსავლები სხვადასხვა ჭრილში.

შინამეურნეობების შემოსავლის მიხედვით განაწილების ცვლილება:

ნომინალური მაჩვენებლის მიხედვით მაღალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილი გაიზარდა, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილი შემცირდა. 2019-2023 წლებში შინამეურნეობების წილი, რომლებიც იღებდნენ 1000 ლარამდე შემოსავალს 20 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირდა და 39% შეადგინა. რეალური მაჩვენებელი კი მხოლოდ 6%-ით შემცირდა.

შინამეურნეობების შემოსავლები კვინტილების მიხედვით:

ნომინალური შემოსავალი გაიზარდა ყველა კვინტილში. ყველაზე მაღალი ზრდა დაბალი შემოსავლის მქონეთა ჯგუფებში დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, 2023 წელს შინამეურნეობების ყველაზე მდიდარი 20%-ის შემოსავალი 7-ჯერ აღემატებოდა ყველაზე ღარიბი 20%-ის შემოსავალს, რაც ოდნავ ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე (7.7).

დაბალშემოსავლიანი შინამეურნეობების დამოკიდებულება სოციალურ ტრანსფერებზე:

2019-2023 წლებში სოციალური ტრანსფერები ყველაზე ღარიბი 20%-ის შემოსავლის 58%-ს შეადგენდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მიწოდებულ დახმარებაზე მნიშვნელოვან დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.

დასაქმებიდან შემოსავლის მიმღები დაბალშემოსავლიანი შინამეურნეობების წილი:

2021 წელს ყველაზე ღარიბი კვინტილის 14.1% იღებდა შემოსავალს დასაქმებიდან. 2023 წელს, მაჩვენებელი18.6%-მდე გაიზარდა. ეს ზრდა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს 2022წელს დაწყებული საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამით.

ნათია ზარიძე