ერთ გაჩეხილ ჰექტარზე მევენახე 4 000 ევროს მიიღებს - საფრანგეთის მთავრობა ვენახების მთლიან ფართობს 3,43%-ით შეამცირებს

საფრანგეთის მთავრობამ ვენახების გაჩეხის გეგმა წარადგინა, რაც ღვინის ჭარბი მიწოდებისა და მეღვინეებისთვის საკომისიოს ოდენობით არის განპირობებული. ინფორმაციას Decanter ავრცელებს.

კერძოდ, 2025 წლის ივნისისთვის ქვეყანაში 27 500 ჰექტარი ვენახი გაიჩეხება, ხოლო მეღვინეებისთვის კომპენსაციის სახით 109.8 მლნ ევრო გამოიყოფა. გასულ თვეს საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 30 000 ჰექტარ ვენახის გაჩეხის გეგმა გამოაქვეყნა, რომ ღვინის ინდუსტრიაში მიწოდება-მოთხოვნის დისბალანსი აღმოიფხვრას.

ამჟამად საფრანგეთში, დაახლოებით, 800 000 ჰექტარი ვენახია, ამდენად, წარდგენილი სქემით, ქვეყნის ვენახების მთლიანი ფართობი 3,43%-ით შემცირდება. მთავრობა მევენახეებს ერთ გაჩეხილ ჰექტარზე 4 000 ევროს კომპენსაციას სთავაზობს, ხოლო გეგმის განსახორციელებლად 120 მლნ ევრო გამოყო. შეთავაზებას 5 418 მევენახე გამოეხმაურა, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 27 461 ჰა ვენახს გაჩეხენ.

ამ დროისთვის განაცხადების ფანჯარა დახურულია. გაჩეხის პროცესი 2025 წლის 2 ივნისამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ფერმერებს საშუალება ექნებათ, კომპენსაციის მიღება მოითხოვონ. მთლიანობაში, მთავრობა კომპენსაციისთვის 109.8 მლნ ევროს გამოყოფს. ხელშეკრულების პირობებით, ვენახის მეპატრონეები ამ მიწებზე ვაზის ხელახლა ჩაყრას 2029 წლამდე ვერ შეძლებენ. თუმცა 1 300-მა მევენახემ უკვე განაცხადა, რომ ყურძნის მოყვანის სრულად შეწყვეტას გეგმავს.

ცნობისთვის, მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წელს ღვინის წარმოებამ მოთხოვნას 10%-ით გადააჭარბა. მართალია, 2024 წლის მოსავალი საგრძნობლად შემცირდა ძლიერი წვიმის, სეტყვის, ყინვისა და ვაზის ობის გამო, რომელიც საფრანგეთის ვენახებს დაატყდა თავს, მაგრამ ეს კლებაც არ აღმოჩნდა საკმარისი ჭარბწარმოების პრობლემის მოსაგვარებლად.

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, 1960-იან წლებში საშუალოსტატისტიკური ზრდასრული ფრანგი წელიწადში 120 ლიტრ ღვინოს მოიხმარდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 40 ლიტრამდე დაეცა, რისი ცვლილების ნიშნები არ შეინიშნება. ამასთან, გასულ წელს ფრანგული ღვინის ექსპორტი 9,4%-ით შემცირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ