„როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური რყევები, ბუნებრივია ეს სერიოზულ ინვესტორებს აფრთხობს“

„სახელმწიფო იმას ამბობს, რომ თავად ააშენებს დიდი მასშტაბის ჰესებს. უფრო სწორად 51%-ს თავად გაიღებს და 49% უნდა იყოს ინვესტორების თანხები, თუმცა ამ მიმართულებით არ ვიცი, რა გაკეთდა. როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური რყევები, ბუნებრივია ეს სერიოზულ ინვესტორებს აფრთხობს“,- ამის შესახებ ენერგეტიკის ექსპერტმა პაატა ცინცაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე მსხვილ უცხოურ ინვესტიციებზე საუბარი ვერ იქნება.

„არავის არ უყვარს იმ ქვეყანაში ფულის ჩადება, სადაც არეულობაა. ესენი არ არიან მხოლოდ ინვესტორები. მათ შორის არიან ბანკებიც. ბანკი სხვის ფულს დებს და არა თავისას. მას თავისი მეანაბრეების წინაშე აქვს ვალდებულება.

როგორ ჩადებს ბანკი ფულს იქ, სადაც თამაშის გაუგებარი წესებია. ბუნებრივია, რომ ბანკები მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობას არ მიიღებენ და თუ მიიღებენ, ძალიან შეზღუდული ოდენობით“,- აღნიშნა პაატა ცინცაძემ.

ნათია ზარიძე