ოქტომბრის ინფლაციაში მაღალი წვლილი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ფასებმა შეიტანა, რომელიც 7.6% -ით გაიზარდა - Gnomon Wise

ოქტომბრის ინფლაციაში მაღალი წვლილი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ფასებმა შეიტანა, რომელიც 7.6% -ით გაიზარდა,- ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise-ს ყოველთვიური მიმოხილვაშია ნათქვამი.

ყოველთვიური მიმოხილვა კავკასიის ქვეყნების ეკონომიკებს ეხება.

„2023 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2024 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 0.6% შეადგინა. ოქტომბრის ინფლაციაში მაღალი წვლილი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ფასებმა შეიტანა, რომელიც 7.6% -ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 12.7%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.

რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩევა. მიმდინარე წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 0.6% იყო. ყველაზე მაღალი, 7.8%-იანი ზრდა განათლების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 2.7%-იანი კლება - ტანსაცმლის ფასებზე. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 7.25%-მდე შემცირდა.

აზერბაიჯანში ინფლაცია დასტაბილურდა. 2024 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 3.4% შეადგინა. სექტემბერში ეს ნიშნული 3.5% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-ზე შენარჩუნდა“,- აღნიშნულია მიმოხილვაში.

ნათია ზარიძე