„როდესაც კომპანია მომხმარებელს გაზის მიწოდებას უწყვეტს, ის ვალდებულია პრობლემა გამოასწოროს და მხოლოდ ამის მერე მოხდება ბუნებრივი აირის აღდგენა,“ - ამის შესახებ როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამის მიუხედავად არის შემთხვევები, როცა მომხმარებელი თვითნებურად აერთებს დანადგარს.
„ამ დროს ხდება მომხმარებლის დაჯარიმება. მართალია, სანქცია არ არის დიდი, მაგრამ იმედია ეს რამეს შეცვლის. გარკვეულწილად გასაგებია მომხმარებლების ასეთი დამოკიდებულება, ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მთავარია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომლის სტატისტიკაც საგანგაშოა,“ - განაცხადა გულეიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ერთჯერადი შემოწმება, რომლის ვალდებულებაც კომპანიებს ეკისრებათ, არის უფასო.
„თუ კომპანიის წარმომადგენელი გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევიდა მომხმარებლის მფლობელობაში, მას აქვს უფლება, განმეორებით დააფიქსიროს შეტყობინება ცხელ ხაზზე დანადგარის შემოწმებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა.