მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, გასულის წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვები შემცირდა.
„გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვის თანახმად, წელს მესამე კვარტალში ზღვისპირა ქალაქში 3 854 ბინა გაიყიდა, ეს კი მაშინ, როცა გასულ წელს იმავე პერიოდში 3900 ტრანზაქცია განხორციელდა.
გაყიდული ბინების დიდი ნაწილი, 2 187 ბინა დეველოპერების მიერ (პირველადი ბაზრები) იქნა გაყიდული, ხოლო 1667 ბინა მეორადი გაყიდვა იყო (როდესაც დეველოპერისგან ნაყიდ ბინას, უკვე მოქალაქეები ყიდიან). აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში წლიურად შემცირებულია პირველადი გაყიდვები, ხოლო მეორად ბაზრებზე გაყიდვები კი გაზრდილია.
რაც შეეხება ფასებს, 2024 წლის მესამე კვარტალში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 10.5%-ით გაიზარდა და 1 419 დოლარს გაუტოლდა. შარშან მესამე კვარტალში კი ღირებულება 1 284 დოლარს შეადგენდა.