გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტს გიორგი კობერიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 11 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა. ექსპერტი საუბრობს, როგორ შეიცვლება ტრამპის ადმინისტრაციისას საქართველო-ამერიკის ურთიერთობა და ვინ გაიმარჯვებს სამხრეთ კავკასიაში - დასავლეთი თუ ჩინეთ-რუსეთის ალიანსი.
მეეჭვება ამერიკა მარტივად შეხვდეს ჩინეთის გაძლიერებას, მით უმეტეს, როცა დღეს მსოფლიო ბიპოლარულია - ერთ მხარესაა ჩინურ-რუსული ღერძი, მეორე მხარეს - დასავლური, რომელსაც ამერიკა ხელმძღვანელობს. ჩინეთი დომინანტია პირველ ღერძში და მასთან ტრამპის სიხისტე ლოგიკური იქნება. რა მოჰყვება ამას, სხვა საკითხია. გასაგებია, რომ ჩინეთიც იჩქარებს, მას გაძლიერება და ტაივანის პრობლემის მოგვარება სჭირდება. ჩინეთსაც აქვს თავისი არეალები და მოქმედების თავისუფლება, მასაც აქვს ეკონომიკური რესურსები, რათა გააგრძელოს ამერიკასთან მეტოქეობა.
ამიტომ არ არის გამორიცხული, ჩინეთმა ხელი შეუწყოს უფრო მეტი კონფლიქტის გაღვივებას მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, რაც ამერიკას აიძულებს ყურადღება სხვადასხვა მიმართულებით გაფანტოს და ჩინეთს ტაივანთან მოქმედების უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდეს.მთავარ ცვლილებას მოველი არა ჩინეთის, არამედ ევროპის პოლიტიკაში. მას მოუწევს უსაფრთხოების გაძლიერებაზე მუშაობა, თუ სურს ანგარიშგასაწევ ძალად დარჩეს. 90-იანი წლების მერე ევროპაში დიდი პრობლემა იყო, რომ მან განიარაღება დაიწყო, რაც დიდხანს გაგრძელდა, 2022 წლამდე. ევროპას ახლა მოუწევს ამ ყველაფერს გადახედოს და უფრო მეტად მოახდინოს ძალის კონსოლიდაცია და ძალის დემონსტრირებაზე გააკეთოს აქცენტი. ეს არის ევროპისთვის ერთგვარი შანსი, რომ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ძალის ერთეულად ჩამოყალიბდეს გლობალურ პოლიტიკაში...გააგრძელეთ კითხვა