საქართველოში სამი თბოსადგურის ჩანაცვლება იგეგმება - მიზეზი

საქართველოში სამი თბოსადგურის ჩანაცვლება იგეგმება, - ამის შესახებ აღნიშნულია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ექსპლუატაციიდან უნდა გამოვიდეს შემდეგი თბოსადგურები: თბობლოკი N3, თბობლოკი N4 და თბობლოკი N9.

„ბიზნესპრესნიუსს“ სახელმწიფო ელექტროსისტემაში განუცხადეს, რომ აღნიშნული თბობლოკები ნაკლებად ეფექტურია და უნდა მოხდეს მათი ჩანაცვლება ახალი თბოსადგურებით. ახალი თბოსადგურების გახსნამდე კი ჩამოთვლილი ბლოკები ექსპლუატაციაში დარჩება.

„აღნიშნული თბოსადგურები ნაკლებად ეფექტური მოწყობილობებია, რომელთა ჩანაცვლება მომავალში საჭიროების შემთხვევაში, ახალი, ეფექტური თბოსადგურებით მოხდება. ახალი სადგურების ექსპლუატაციაში შესვლამდე სისტემის უსაფრთხოებისა და საიმედოობის მიზნით ჩამოთვლილი თბოსადგურები ექსპლუატაციაში დარჩებიან“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

მერი ტაბატაძე