მოქალაქეები, სხვადასხვა ლოკაციიდან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან, სადაც 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“.
აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიებიც, კერძოდ, "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველოს" და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მიემართებიან საკანონმდებლო ორგანოსკენ.
ამასთან, ამ წუთებში მსვლელობას მართავენ, სტუდენტებიც, რომლებიც შეუერთდებიან პარლამენტთან დაგეგმილ აქციას.
როგორც ცნობილია, დაანონსებულ აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე. ამასთან, იურისტები საზოგადოებას გააცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შესთავაზებენ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდნენ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე.