„გართულებულია სახმელეთო საავტომობილო გადაზიდვები - ტრანსპორტის სფეროში პირდაპირი ინვესტიციები არ შემოდის“

„სატრანზიტო ამბიციის მქონე ქვეყნისთვის, მშპ-ში 7% უკავია ტრანსპორტის სექტორს, როდესაც მსგავსი მაჩვენებელი ჩიხური ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი,“ - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ტვირთნაკადების შემცირების მიზეზი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობაა.

„საქართველოში ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში პირდაპირი ინვესტიციები არ შემოდის - თუ 2015-2016 წლებში მთლიანი უცხოური ინვესტიციების 35% მოდიოდა ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორზე, ბოლო წლებში 4-5%-მდე დავიდა.

საქართველოს რკინიგზა სატრანსპორტო დერეფნის ხერხემალია და სწორედ მასზე უნდა მოხდეს ტვირთების გენერირება, მაგრამ ინვესტიციებზე რომ ვთქვათ, ბოლო 5-6 წლის მანძილზე საქართველო არის BB დონეზე, რაც ნიშნავს სანაგვე ბონდების დონეს. შედარებისთვის, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი 3 საფეხურით მაღლა დგას ამ საინვესტიციო მიმზიდველობით. სარკინიგზო რეიტინგი დიდი ხანია შემცირებულია, ამიტომ ინვესტორი ამ მიმართულებით არ მოდის. სატრანზიტო ამბიციის მქონე ქვეყნისთვის, მთლიან შიდა პროდუქტში 7% უკავია ტრანსპორტის სექტორს, როდესაც ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ ჩიხური ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. ინვესტიციის ნაკლებობა და კორუფციული მომენტები, აიძულებს ტვირთმფლობელს, დაბრუნდეს ძველ ალტერნატიულ მიმართულებაზე,“ - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, გართულებულია საქართველოს სახმელეთო საავტომობილო გადაზიდვებიც.

„გართულებულია საქართველოს სახმელეთო საავტომობილო გადაზიდვებიც, თუნდაც ნებართვების თვალსაზრისით, თუნდაც ევროპის სივრცეში შეღწევის თვალსაზრისით. ასევე საქართველოს ნავსადგურებში, 2021 წელს 16.5 მლნ ტონა გადამუშავდა, 2022 წელს - 15 მლნ, 2023-ში 13.8 მლნ ტონა. ეს შემცირება არის ძალიან სენსიტიური მაჩვენებელი,“ - განაცხადა კვლევითი ცენტრის დირექტორმა.

ეკა დარჩიაშვილი