„დღეიდან ეს ტერიტორია 24 სთ-ის განმავლობაში გადაიკეტება, ვრჩებით თსუ-სთან, ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება“ - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მყოფმა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ და ელენე ხოშტარიამ განაცხადეს.
„წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია. წერტილი პირველი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით. 24 საათი ეს აქცია იდგება აქ. ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. არც სხვა მაგისტრალებზე.
ნელ-ნელა მაგრად მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ყველას დიდი ბოდიში შეწუხებისთვის, დისკომფორტისთვის, იმისთვის რომ ეს დღეები თავისუფლად ვერ ივლით.
მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის რუსთაველის გამზირზე მყოფ ხალხს, რომ დღეს ვრჩებით თსუ-სთან. 24 საათით ვიქნებით აქ. დღეიდან, ეს ტერიტორია 24 საათით გადაიკეტება.
გადავდივართ არაძალადობრივი პროტესტის სხვა ეტაპზე. დღეს 20:00 საათიდან ხვალ 20:00 საათამდე ვრჩებით უნივერსიტეტის წინ,“- განაცხადეს კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ.