„უკვე არის ის მდგომარეობა, როდესაც ბევრად უფრო ნაკლები ჯავშანია და ამ პერიოდიდან ბიზნესისთვის რთულდება ოპერირება,“ - ამის შესახებ Step Inn-Kazbegi-ის დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა “ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აპრილიდან-ოქტომბრის ჩათვლით რეგიონი მაღალი დატვირთვით მუშაობს, თუმცა უკვე ნოემბრიდან ბევრი სასტუმრო იხურება.
„აპრილიდან მაღალი დატვირთვით ვიმუშავეთ და ნომრები ფაქტობრივად გაყიდული გვქონდა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ვიზიტორების მხრიდან, ყაზბეგი არის ძალიან მოთხოვნადი ლოკაცია. კერძოდ, აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი ითვლება აქ ყველაზე აქტიურ სეზონად. თუმცა, უკვე შემდეგი პერიოდიდან არის ვარდნა, ჯავშნების კუთხით. სასტუმროების ნაწილი საერთოდ იხურება კიდეც, რადგან რთულია ზამთრის პირობებში ოპერირება. არა მხოლოდ ტურისტების ნაკლებობაა, არამედ, ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ინფრასტრუქტურულად.
ჩვენთვის შარშან პირველი წელი იყო და ვიმუშავეთ, მიმდინარე სეზონზეც ვაგრძელებთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს სიტუაცია გაუმჯობესდება. იქიდან გამომდინარე, რომ გვირაბი გაიხსნება, ვფიქრობ, ეს საფრთხეებს შეამცირებს და აღარ იქნება იმის შიში, რომ სტუმრები ყაზბეგის მხარეს ჩარჩებიან, უკან ვეღარ დაბრუნდებიან და საკუთარი გეგმებისთვის გადახვევა მოუწევთ.
თუმცა, ახლა უკვე არის ის მდგომარეობა, როდესაც ბევრად უფრო ნაკლები ჯავშანია და ამ პერიოდიდან ბიზნესისთვის რთულდება ოპერირება. ნოემბერში 30-35%-იან დატვირთვაზე თუ ავედით, შევძლებთ ელემენტარული ხარჯების გაწევას, რაც თან ახლავს ბიზნესს. ჯერ-ჯერობით ამ ნიშნულთან ახლოს ვართ.
რაც შეეხება ზაფხულს, ფაქტობრივად ოთახები არ გვქონდა თავისუფალი. ერთადერთი, თუ ვინმე ბოლო პერიოდში გააუქმებდა ჯავშანს. ჯამში, 85%-მდე გამოგვივიდა დატვირთულობა,“ - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.
რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან ამის წინაპირობას ინფლაცია და ყველა პროდუქტის გაძვირება ქმნის.
„ფასები კიდევ უფრო მომატებს, ვალუტის კურსის გაუფასურებასთან ერთად, რომელიც ახლო პერიოდშია მოსალოდნელი და ასევე ძალიან მაღალია ქვეყანაში ინფლაცია. პროდუქტის ღირებულება ძალიან არის გაზრდილი. საუბარი მაქვს იმ ელემენტარულ პროდუქტებზე, რომელიც საჭიროა ამ სფეროში, სერვისის გასაწევად.
არადა, რაც უფრო იზრდება მომსახურების ღირებულება, მით უფრო ნაკლები სტიმული ჩნდება, რომ ტურიზმი გაიზარდოს. როდესაც იმ ქვეყნის ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა არის მაღალი, სადაც მივდივართ, რა თქმა უნდა, მეტი ინტერესი გაქვს, რომ იმოგზაურო და უფრო მეტი შინაარსი გამოიტანო იმ ქვეყნიდან,“ - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.