კრემლი რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიების ერთ მეგასტრუქტურაში გაერთიანებას, კერძოდ, „როსნეფტის“ მიერ „ლუკოილისა“ და „გაზპრომნეფტის“ შერწყმა-შთანთქმის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ The Wall Street Journal (WSJ) ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე „ჯეოქეისის“ უფროსმა მკვლევარმა ლიანა ჯერვალიძემ განაცხადა, ეს საკმაოდ სერიოზული თემაა, თუმცა რა ეტაპზეა ის ან დაწყებულია თუ არა მასზე მუშაობა, უცნობია.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია მხოლოდ „ლუკოილთან“ დაახლოებული შიდა წრეებიდან არის გამოსული, რომ მინისტრმა ცებელოვმა პუტინს აღნიშნული გაერთიანების გეგმა წარუდგინა, რადგან, როგორც მან აღნიშნა, „ლუკოილს“ ყველაზე მეტად „აწუხებს“ ეს ამბავი, ისევე, როგორც „როსნეფტს“ და „გაზპრომნეფტს“.
„მინდა აღვნიშნო, რომ „როსნეფტიც“ არ არის მთლად სახელმწიფო კუთვნილებაში, მისი აქტივების დაახლოებით 19.9% არის კერძო ხელში, „გაზპრომნეფტის“ 5% არის თავისუფალ გაყიდვაში, ხოლო „ლუკოილი“ სრულად კერძო საკუთრებაშია.
რუსული ნავთობი, მოგეხსენებათ, არის სანქცირებული, ამიტომ ძალიან რთულია მის წარმოებასა და ექსპორტზე სანდო ინფორმაციის მოპოვება. ერთ-ერთი ასეთი მოპოვებული ინფორმაციაა, რომ „როსნეფტის“ წარმოება 2021 წლის მერე 200 ათასი ტონით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შესაძლოა, „ოპეკ+“-ის ვალდებულებით აღებულ შემცირებასთან არის კავშირში და სინამდვილეში რუსული ნავთობის წარმოება და ექსპორტი შემცირებული არც არის.
მეორე სიახლე არის ის, რომ „ლუკოილმა“ არნახული დივიდენდების შესახებ გააკეთა განაცხადი. გასული წელი კომპანიისთვის ძალიან წარმატებული იყო. მისი რეზერვების და აქტივების მოპოვების ძირითადი ბაზარია რუსეთი, მაგრამ მას ძალიან ბევრ ქვეყანაში აქვს აქტივები, მათ შორის ვენესუელაშიც კი. ნავთობპროდუქტები კი ჩვენს ბაზარზეც არის წარმოდგენილი,“ - განაცხადა ლიანა ჯერვალიძემ.
როგორც მან აღნიშნა, რუს დიქტატორს „არამკოს“ მსგავსი კომპანიის შექმნა სურს.
„ამ გაერთიანებას აქვს მიზანი, რომ შექმნან „არამკოს“ მსგავსი სუპერ-კომპანია, რომლის კაპიტალიზაციაც არის 2 ტრლნ. ზოგადად, რუსეთს მკაცრად აქვს გასაიდუმლოებული ნავთობის თემები, მაგრამ რადგან გაჟღერდა ნავთობის ნაციონალიზაციის თემა, რიგში დგება შემდეგი საკითხი: რა შეიძლება დაჯდეს „როსნეფტის“ 20%-ის გამოსყიდვა, რომელიც ამჟამად ყატარის სუვერენული ფონდის მფლობელობაშია? ან რა შეიძლება დაჯდება „გაზპრომნეფტის“ გამოსყიდვა, რომელსაც ძალიან დიდი გადამამუშავებელი მრეწველობა აქვს რუსეთში?“ - აღნიშნა ლიანა ჯერვალიძემ.
მისი თქმით, ასევე გართულდება „ლუკოილის“ შესყიდვაც, რომელიც საკმაოდ მომგებიანი კომპანიაა.
„ლუკოილის“ დღიური მოპოვება არის 2.3 მლნ ბარელი და დიდი ნაწილი გადამუშავდება რუსეთში და გადის ექსპორტზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნავთობკომპანიები დასანქცირებულები არიან ოფიციალურად, არც წარმოების შემცირებას და არც ექსპორტზე გასვლას ეს არ ეტყობა,“ - განაცხადა მან.
ლიანა ჯერვალიძემ „ლუკოილთან“ დაკავშირებით ბოლო წლებში მომხდარი ინციდენტებიც გაიხსენა, თუმცა მისი თქმით, რამდენად არის ის კავშირში დღევანდელ თემასთან, უცნობია.
„2022 წლის მაისში უცნაურ ვითარებაში დაიღუპა „ლუკოილის“ სავაჭრო სახლის სამეთვალყურეო სახლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირი, სუბოტინი. 2022 1-ელ სექტემბერს კი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდა წამყვანი დირექტორი მაგანოვი. ეს „უიღბლობა“ თან სდევს კომპანიას წლების განმავლობაში და მაშინ, როდესაც ეს დაიწყო, ნავთობის ნაციონალიზაციის თემა ჯერ წამოჭრილი არ იყო, ამიტომ უცნობია, რას უკავშირდება ეს ნეგატიური ჯაჭვი ამ კომპანიის ისტორიაში,“ - განაცხადა ანალიტიკოსმა.