მე-3 კვარტალში საქართველოდან 9 763-ით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს საზღვრის 7 173 157-ჯერ კვეთა დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აღნიშნულიდან 77% უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ განხორციელებულ საზღვრის კვეთაზე მოდიოდა.

უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში 2 748 806 შემოსვლა და 2 785 564 გასვლა დაფიქსირდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთაში უდიდესი წილი კვლავაც რუსეთზე მოდიოდა. მაგალითისთვის, მესამე კვარტალში უცხოელების შემოსვლის 28% რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა.

შსს-ს მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში შემოსვლის 768 937 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელმა 778 700 შეადგინა.

მონაცემები აჩვენებს, რომ მესამე კვარტალში საქართველოდან 9 763-ით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

მერი ტაბატაძე