მაღაზიაში მიტანიდან 3-4 საათში ქრება - თურქმენეთში მცენარეული ზეთის დეფიციტია

თურქმენეთში მცენარეული ზეთის დეფიციტია, რის გამოც პროდუქტზე დიდი რიგებია.

ინფორმაციას „თურქმენეთის ქრონიკა“ ავრცელებს.

მიზეზად სახელდება ხელისუფლების უუნარობა, მოსახლეობას არა მარტო თურქმენული ბამბის ზეთი, არამედ იმპორტირებული ზეთი მიაწოდოს.

დიდი რიგების გამო მაღაზიების გარეთ პოლიცია მორიგეობს, რომელიც აკავებს ნებისმიერ პირს, ვინც მობილური ტელეფონით შექმნილ მდგომარეობაზე ვიდეოს გადაღებას ცდილობს.

„თურქმენეთის ქრონიკის“ ცნობით, ამ მოთხოვნად პროდუქტზე დეფიციტი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა. თვით ბაირამალიში, სადაც მცენარეული ზეთის ქარხანა მდებარეობს, პროდუქტი თავისუფალ გაყიდვაში ხელმისაწვდომი არ არის.

ქვეყანაში 1 ლიტრი ადგილობრივი წარმოების ზეთი 16 თურქმენული მანათი (4,60 დოლარი), ხოლო რუსული ან უზბეკური ზეთი 18 მანათი (5,14 დოლარი) ღირს.

“ხალხი რიგებში დგას არა იმიტომ, რომ დაზოგოს 2 მანათი (0,60 დოლარი), არამედ იმიტომ, რომ საკმარისი ზეთი არ არის. მაღაზიაში მიტანის შემდეგ ის 3-4 საათში იყიდება,” - წერს გამოცემა.

ლებაპში ადგილობრივები ბამბის ზეთს საშინაო პირობებში ამზადებენ, რაც სტანდარტებს არ შეესაბამება, მაგრამ სხვა ზეთის დეფიციტის გამო ხალხი მას ყიდულობს. „თურქმენეთის ქრონიკის“ ცნობით, გაურკვეველი წარმოშობის ზეთი ღია ბაზარზე სულ უფრო ხშირად ჩნდება, რასაც, მოწამვლის შემთხვევების მიუხედავადა, ხალხი მაინც ყიდულობს.

მოწამვლის ფაქტებზე ინფორმაციას შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი პრესა არ ავრცელებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ