„ირანიდან შემოტანილი კივი იაპონიაში ქართულის სახელით იყიდება“ - ასოციაცია

ქართველი ფერმერები ხელისუფლებას კივის იმპორტზე კონტროლის გაძლიერებას სთხოვენ. მწარმოებლები ჩივიან, რომ არასაკმარისი ზედამხედველობის გამო, ირანული ხილის ექსპორტი იაპონიაში ქართულის სახელით ხდება. ამის შესახებ EastFruit-ი წერს.

„ირანიდან საქართველოში შემოტანილი კივი იაპონიაში ქართულის სახელით იყიდება. ერთ-ორ შემთხვევას ალბათ, ვერავინ გაიგებდა, მაგრამ როცა 1 ჰექტარი კივის პლანტაციაც კი არ გაქვს და რამდენიმე ტონა ექსპორტზე გაგაქვს, როგორ ხდება ეს?” - კითხულობს საქართველოს კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, დემურ ფიფია.

ფერმერები ასევე ითხოვენ მთავრობისგან ადრე მიღებული დადგენილების შესრულებას, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმებს ექსპორტიორებისთვის, რომლებიც მარკირების წესებს არღვევენ.

კივის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ექსპორტიორებთან პირდაპირი შეხება არ აქვთ. ფიფია დარწმუნებულია, რომ სათანადო სამთავრობო მენეჯმენტით, საქართველოს შეუძლია დამოუკიდებლად მიაწოდოს იაპონურ ბაზარს მაღალი ხარისხის კივი, რეექსპორტის გარეშე.

„ეს დაეხმარება ფერმერებს ფეხზე წამოდგომაში”, - განაცხადა მან.

ცნობისათვის, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში კივის იმპორტის მაქსიმუმი დაფიქსირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს 1 980 ტონა (1.108 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება ქვეყნებს, საინადაც წელს, იანვარ-სექტემბერში პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა, ესენია, ირანი, თურქეთი და ნიდერლანდები.

ეკა დარჩიაშვილი