ყოველი მე-4 დასაქმებული საჯარო სექტორშია - „ყველა მთავრობა ცდილობს, მეტი ადამიანი იყოს მასზე პოლიტიკურად დამოკიდებული“

„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა გოგა თუშურაშვილმა განაცხადა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 320.5 ათასი ადამიანი, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. „საქსტატის“ რიცხვები აჩვენებს, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმება მზარდია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე მაღალი ზრდა 2023 წელს დაფიქსირდა და 2022 წელთან შედარებით, საჯარო სექტორში სამსახური დამატებით 12.5 ათასი პირისთვის მოიძებნა.

bpn-dasaqmebulebi-1731927368.jpg

აღსანიშნავია ისიც, რომ იგივე „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 1 334 600 ადამიანი იყო დასაქმებული. გამოდის, რომ ქვეყანაში ამ პერიოდში ყოველი მეოთხე ადამიანი საჯარო სექტორში მუშაობდა.

გოგა თუშურაშვილი ჩვენთან საუბარისას აღნიშნავს, რომ „საქსტატის“ მონაცემები რეალურ სურათს არ ასახავს და საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე 320.5 ათასი. მაგალითად, IDFI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების მონაცემებს ემყარება, მინიმუმ 400 ათასი ადამიანი მუშაობდა საჯარო სექტორში.

„საქსტატის“ მონაცემები არის სამუშაო ძალის გამოკვლევით მიღებული განზოგადებული მონაცემი, სადაც ცდომილების ალბათობა მაღალია. თუ დავაკვირდებით ფაქტობრივ მონაცემებს, ვნახავთ, რომ ეს ცდომილება საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს. მაგალითად, ბოლოს რომ შევისწავლეთ სხვადასხვა უწყების მონაცემები, დავადგინეთ, მინიმუმ 400 ათასი ადამიანია სახელმწიფო სექტორში დასაქმებული, თან ეს მონაცემები არ მოიცავს მუნიციპალიტეტების აიპებში დასაქმებულებს. მონაცემების აჩვენებს, რომ ბიუროკრატიული აპარატი ყოველწლიურად მზარდია.

თუნდაც საქსტატის მონაცემებს რომ დავუბრუნდეთ, ეს მონაცემებიც ადასტურებს, რომ ბიუროკრატიული აპარატი იზრდება. მაგალითად, საქსტატის მონაცემებით 2014 წელს საჯარო სექტორში 258 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, 2023 წელს კი 320 ათასამდეა გაზრდილი. გამოდის, რომ ბოლო ათ წელში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 24%-ით გაიზარდა“, - აღნიშნავს თუშურაშვილმა.

როგორც მანვე აღნიშნა, შესაძლებელია საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ისე შემცირება, რომ ერთი მხრივ გამორიცხული იყოს უფლებამოსილებების დუბლირება, ხოლო მეორე მხრივ ეფექტურად განხორციელდეს სტრუქტურების მართვა. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და რეფორმები.

„ჩვენ არ გვქონია ჯერ შემთხვევა არც ერთი ხელისუფლების პირობებში, რომ ეზრუნათ ბიუროკრატიის ოპტიმალურ ნიშნულამდე დაყვანაზე. მეტიც, ჩვენ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე ყველა მთავრობა ცდილობს, მეტი ადამიანი იყოს მასთან დასაქმებული და მასზე პოლიტიკურად დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, თუ არ იქნება პოლიტიკური ნება და რეფორმები არ განხორციელდება, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვის რაციონალურ ნიშნულამდე დაყვანა ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და გეგმაზომიერად არის შესაძლებელი იმ ნიშნულამდე დაყვანა, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად მოემსახურება სახელმწიფო სტრუქტურებს და გამორიცხავს უფლებამოსილებების დუბლირებას, რაც თავის მხრივ, საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას განაპირობებს“, - აღნიშნავს გოგა თუშურაშვილი.

მერი ტაბატაძე