კონკურენტული წნეხი თუ თავისუფალი საბაზრო პირობები - რაზე მეტყველებს მარკეტების გამსხვილება

საქართველოში მსხვილი მარკეტების კონცენტრაციები გრძელდება. ბოლო აქტივობით, საქართველოს რითეილ ბაზარზე კიდევ ერთი გარიგება შედგა, კონკურენციის სააგენტომ შპს „დეილის“ შპს „რითეილ ინვესთმენთის“ 100%-იანი წილის შესყიდვის ნებართვა მისცა.

თავის მხრივ, „დეილი“ მიმდინარე წლის აგვისტოში „ფუდმარტის“ 100%-იანი წილის მფლობელიც გახდა, რომელიც კიდევ ორ ქსელური მარკეტის, „სპარისა“ და „იოლის“ მფლობელია (ამასთან, იგივე აგვისტოში, „დეილის“ 30%-იანი წილი „ფუდმარტის“ დამფუძნებელმა არჩილ გეგენავამ და კომპანია „ჰოლდინგ.ჯი-მ“ შეიძინეს).

ხოლო, „რითეილ ინვესთმენთი“, რომელიც ახალი გარიგების მიხედვით, შპს „დეილის“ საკუთრებაში გადავიდა, სუპერმარკეტების ქსელის „მაგნიტის“ იგივე შპს „რითეილ ჯგუფის“ 9.96%-იან წილებს ფლობს. შესაბამისად, გამოდის, რომ „დეილი“ „მაგნიტის“ 10%-იანი წილის არაპირდაპირი მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „დეილი“ ასევე, არის სუპერმარკეტების ქსელის „გვირილას“ 60%-იანი წილის მფლობელიც. შედეგად, 5 სუპერმარკეტი: "დეილი", "სპარი", "იოლი", "გვირილა", "მაგნიტი", ფაქტობრივად, ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა.

თუ გავითვალისწინებთ, „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვას, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით, საცალო ვაჭრობის სექტორის 51.3% სამ მსხვილ სუპერმარკეტს, „ნიკორას“, „ორ ნაბიჯსა“ და „კარფურს“ უკავია, ახალი გარიგების შემდეგ, შესაძლოა, ბაზრის წილების სხვაგვარი გადათამაშების მომსწრენი გავხდეთ.

ისე კი, კვლევის თანახმად, საცალო ვაჭრობის სექტორში „ნიკორას“ წილი 18.9%-ს შეადგენს, „2 ნაბიჯის“ - 18.8%-ს, ხოლო „კარფურის“ - 13.6%-ს. შემდეგ პოზიციებზეა: „სპარი“ – 12%-ით, „მაგნიტი“ – 9.2%-ით, „დეილი“ – 4.8%-ით და ა.შ.

აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით, რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ხაბაშვილი ამბობს, რომ ორგანიზებული რითეილის განვითარების პროცესში, მსგავსი ტიპის გაერთიანებები ჩვეულებრივი პროცესია და იმ პირობებში, როდესაც ის (დიდ ქსელები) სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის მხოლოდ 41%-ს შეადგენს, ბაზარზე რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები, მოსალოდნელი არ არის.

„ზოგადად, ორგანიზებული რითეილის განვითარების პროცესში ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა მსგავსი ტიპის ტრანზაქციები. რაც მთავარია, დღეს მთლიანობაში, ორგანიზებული რითეილ ბაზარი, სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) მხოლოდ 41%-ს ფლობს, შესაბამისად, მთელ FMCG -ში გაერთიანებული კომპანიების წილი 15%-მდე გამოდის. შესაბამისად, იმას, რომ რამე განსაკუთრებული ზემოქმედება იქონიოს ამ ტიპის ტრანზაქციამ ბაზარზე, არ მოველით.

მნიშვნელოვანი არის ის, რომ გარემო არის ძალიან კონკურენტული, კონკურენციის ხარისხი არის ძალიან მაღალი და ეს რა თქმა უნდა, თავის თავში მოიაზრებს ისეთი ტიპის ტრანზაქციების განხორციელებას, როგორის მომსწრენიც გავხდით ახლა,“ - ამბობს გიორგი ხაბაშვილი.

პატარა ქსელებისა და უბნის მაღაზიების კიდევ უფრო შევიწროებისა და შემცირების რისკებზე საუბრობს, „აფბა“-ს ანალიტიკოსი ბაჩო ჯინჭარაძე.

როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ორგანიზებული ტიპის მარკეტების განვითარებამ შესაძლოა, ეს პროცესი კიდევ უფრო განავითაროს და დააჩქაროს.

თუმცა, აქვე ანალიტიკოსი იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგადად, გამსხვილებამ ხარჯების ოპტიმიზაცია და პირიქით, საფასო პოლიტიკის შემცირება უნდა გამოიწვიოს, „თუმცა, ქართულ რეალობაში გამორიცხული არაფერია“.

„ორგანიზებული ბაზრის წილი ეტაპობრივად იზრდება და დაახლოებით, 42%-ს შეადგენს. დანარჩენი არაორგანიზებულზე მოდის. ორგანიზებული ტიპის მარკეტების განვითარებამ უბნის მარკეტები მართლაც შეავიწროვა მთელი რიგი მიზეზების გამო, იქნება ეს მძლავრი ფინანსები, ფასდაკლებები, ლოიალობის პროგრამები, დაცულობის უფრო მაღალი ხარისხი თუ სხვა.

ეს მზარდი სტატისტიკა იმის მაჩვენებელია, რომ სუპერმარკეტების ბაზარი საინტერესო და პერსპექტიულია. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მცირე მარკეტები კიდევ უფრო შემცირდეს. უბნის მაღაზიებს რომ თავი დავანებოთ, ქსელური მარკეტები, რომლებიც ბაზარზე არიან წარმოდგენილნი, ისინიც კი კონკურენტულ წნეხს განიცდიან მსხვილი ქსელებისგან. ასე რომ, ბაზარზე მათი მნიშვნელოვანი შემცირების რეალური რისკებია.

რაც შეეხება ბაზარზე დაფიქსირებულ ბოლო კონცენტრაციას, ვგულისხმობ „დეილის“ მიერ „მაგნიტის“ შეძენას, ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშე გააჩინა. „დეილი“ აქამდე ბაზრის 4.8%-ს ფლობდა იმის გათვალისწინებით, რომ არ იყო ქვეყნის დედაქალაქში წარმოდგენილი. მისი მოცვის არეალი რეგიონები იყო და მხოლოდ ბოლო პერიოდში გახსნა თბილისში ფილიალები. „მაგნიტის“ შეძენით „დეილიმ“ ბაზრის დამატებით, 9.7% დაისაკუთრა.

ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ „დეილი“ დღეს აერთიანებს "სპარს", "გვირილას", "იოლს" და კონკურენციის სააგენტოს თანხმობის შემდეგ "მაგნიტის" მფლობელიც ხდება. შედეგად, ორგანიზებული ბაზრის დაახლოებით 30%-ის მესაკუთრე და ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშე ხდება. ზემოთ აღნიშნული სუპერმარკეტების ქსელები სხვადასხვა საფასო სეგმენტებისთვის გათვლილი ქსელებია. „მაგნიტი“, დეილი“, „გვირილა“ კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასებით გამოირჩევა, თუ არ ჩავთვლით „2 ნაბიჯს“.

რაც შეეხება შეთანხმებულ საფასო პოლიტიკას, საქართველოში პროდუქტებზე ფასები ისედაც მაღალია. ამის გამო გემახსოვრებათ მიდიოდა საუბარი ფასების დარეგულირების თაობაზე, რაც საბოლოოდ არ გაკეთდა, თუმცა მაღაზიათა ქსელებში მივიღეთ ხშირი ფასდაკლებები ამა თუ იმ პროდუქტებზე და ამით გარკვეულწილად ეს თემაც მივიწყებას მიეცა.

ზოგადად, გამსხვილებამ და ხარჯების ოპტიმიზაციამ პირიქით, საფასო პოლიტიკის შემცირება უნდა გამოიწვიოს. თუმცა, ქართულ რეალობაში გამორიცხული არაფერია,“ - ამბობს ბაჩო ჯინჭარაძე.

ნინი ქეთელაური