თეთრი და ვარდისფერი ღვინოები, რომლებიც მანამდე ცხელი ზაფხულის სასმელად ითვლებოდა, ამჟამად ცივ სეზონზეც აქტუალურია.
ინფორმაციას Wine-Searcher ავრცელებს.
გამოცემამ მომხმარებელთა ოქტომბრის მოთხოვნილება გააანალიზა და დაადგინა, რომ გასული წლის იმავე თვესთან შედარებით ყველაზე დიდ ინტერესს თეთრი და ვარდისფერი ღვინო იწვევს.
კერძოდ, Wine-Searcher-ის გლობალურ საძიებო ტრაფიკში თეთრი ღვინის წილი 5%-ით, ხოლო ვარდისფერი ღვინის წილი 8%-ით გაიზარდა. წითელ ღვინოზე მოთხოვნა შემცირდა. მაგალითად, “კაბერნე სოვინიონზე” მოთხოვნა 10%-ით დაეცა, თუმცა “პინო ნუარზე” 3%-ით, ხოლო “სირა & მერლოზე” 2%-ით გაიზარდა.
მხოლოდ აშშ-ის ბაზარზე თეთრი ღვინის წილი ძიების შედეგებში 11%-ით, ვარდისფერის კი 13%-ით გაიზარდა. ამჟამად ამერიკელები წითელ ღვინოს 3%-ით ნაკლებად, ხოლო სადესერტო ღვინოებს 4%-ით მეტი სიხშირით ეძებენ.
თეთრი ღვინის კატეგორიაში “რისლინგი” ძიების ლიდერი გახდა. ამ ღვინის წილი გლობალურ საძიებო მოთხოვნებში 11%-ით, ხოლო ამერიკელ მომხმარებლებში 17%-ით გაიზარდა. პოპულარობით მეორე ადგილი “შარდონემ” დაიკავა. ამ თეთრ ღვინოს მთელ მსოფლიოში 4%-ით, აშშ-ში კი 8%-ით მეტი სიხშირით ეძებენ. ამასთან, აშშ-ში “შარდონეს” ღვინოებზე ფასები 4%-ით დაეცა, მაშინ, როცა “რისლინგის” ღვინოები 8%-ით გაძვირდა.
ამასთან, Wine-Searcher-ის მონაცემებით, მსოფლიოში წითელი ღვინის საშუალო ფასი, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა, თეთრი სუფრის ღვინო 2%-ით, ხოლო ვარდისფერი 10%-ით გაძვირდა. თუმცა ცქრიალა ღვინის საშუალო ფასი 12%-ით დაეცა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ