ავტომობილების რეცხვა 17%-ით გაძვირდა - როგორ შეიცვალა მანქანების მომსახურებების საფასური

2024 წლის ოქტომბერში, გასული წლის იმავე თვეთან შედარებით, ავტომობილებთან დაკავშირებული მომსახურებების დიდი ნაწილი გაძვირდა, ნაწილი კი გაიაფდა.

ოქტომბერში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირებულია ავტომობილების რეცხვა. საქსტატის მონაცემების თანახმად, ფასები 16.8%-ით არის გაზრდილი.

ამავდროულად, 6.7%-ით არის გაზრდილი ზეთისა და ფილტრების შეცვლის ფასი. ავტომობილების შეკეთების მომსახურება კი 3.8%-ით გაძვირდა.

საანგარიშო პერიოდში აკუმულატორის ფასები გაიზარდა 5.4%-ით, საბურავების ღირებულება კი 5.3%-ითაა შემცირებული. ამასთანავე, წლიურად გაიაფდა სათადარიგო ნაწილები, ამ შემთხვევაში ფასის ცვლილებამ 2.6% შეადგინა.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, გაზრდილია როგორც ახალი, ასევე მეორეული ავტომობილების ფასებიც. ახლის შემთხვევაში ღირებულება 1.5%-ით გაიზარდა, მეორეულის კი, 2.7%-ით.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3 პროცენტი შეადგინა.

მერი ტაბატაძე