თბილისის მერია მეტროს ვაგონების განახლებას იწყებს. მერიის ინფორმაციით, ჯამში 212 ვაგონის განახლება უნდა მოხდეს, თუმცა, ამჟამად ტენდერი გამოცხადებულია 97 ვაგონის შესაძენად. დარჩენილი 115 ვაგონის შეძენა კი ეტაპობრივად განხორციელდება.
97 ვაგონის შესაძენად ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 150 მილიონი ევროს ეკვივალენტს ლარში. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ჯამში დაგეგმილია 22 მატარებლის შეძენა, საიდანაც 13 მატარებელი 4-ვაგონიანი იქნება, 9 მატარებელი კი 5-ვაგონიანი იქნება.
დედაქალაქის მერიის ცნობით, ეს 5-ვაგონიანი მატარებლები მხოლოდ ვარკეთილი-ახმეტელის ხაზზე იმოძრავებს, რაც მათი მოლოდინით, მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს, რადგან დღეს ამ ხაზზე 4-ვაგონიანი მატარებლები მოძრაობს.
სატენდერო დოკუმენტების თანახმად, ვაგონები აღჭურვილი უნდა იყოს ვაგონთაშორისი გასასვლელებით, ასევე, 4-ვაგონიანი მატარებლის 5-ვაგონიანად გადაკეთება უნდა იყოს შესაძლებელი.
„ყველა მატარებელს უნდა ჰქონდეს ვაგონთაშორისი გასასვლელები, რათა მგზავრებმა მარტივად შეძლონ ერთი ვაგონიდან მეორეში გადაადგილება.
მატარებლები უნდა იყოს ორმხრივი, კარებით ორივე მხარეს და მემანქანის იდენტური კაბინებით თითოეულ ბოლოში.
4 ვაგონიანი მატარებელი დაპროექტებული იქნება 5 ვაგონამდე შესაძლო გაფართოებისთვის, მომავალში ვაგონის დამატების მეშვეობით.
მოძრავი შემადგენლობა დაპროექტებული უნდა იყოს იმგვარად, რომ შეძლოს თბილისის მეტროს ქსელში არსებულ ლიანდაგზე მოძრაობა, 1520 მმ ლიანდაგზე, გაფართოების და იზოლაციის შეერთებით, GOST 23961 სტანდარტის მიხედვით.
ასაკეცი ან ჩამოსაკეცი დასაჯდომები
შეიძლება გამოყენებულ იქნას პიკურ და არაპიკურ პერიოდებში დასაჯდომების რაოდენობის გასაზრდელად/შესამცირებლად. გამოყენების შემთხვევაში, ასეთი დასაჯდომები ლიმიტირებული იქნება "მრავალფუნქციური" ზონებითა და შშმ პირთა ეტლის დასადგომებით.
თითოეული ვაგონის სამგზავრო განყოფილება აღჭურვილი უნდა იყოს ერთი ადგილით ეტლით მოსარგებლე მგზავრისთვის, რომელიც აღჭურვილია სპეციალური მოაჯირებით. ეტლის პოზიციის მდებარეობა სამგზავრო განყოფილებაში არ უნდა უქმნიდეს გადაადგილების დაბრკოლებებს სხვა მგზავრების შესასვლელ-გასასვლელში,“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
რაც შეეხება ექსპლუატაციის ვადებს, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ექსპლუატაციის საშუალო ხანგრძლივობა მინიმუმ 45 წელია, ხოლო მინიმალური გასავლელი მანძილი ფატალური დაზიანების გარეშე 4.5 მილიონი კილომეტრია.
თბილისის მერიის ცნობით, ეს პროექტი ჯამში 7 წელზეა გათვლილი და ვაგონების მიწოდება პერიოდულად 2033 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. ახალი ვაგონების პირველი პარტიის მიღება კი 2026 წელს არის დაგეგმილი.