„ასეთი ველური პირობები შეიძლება შორიდან საინტერესო ჩანდეს, მაგრამ იყო ამ ყველაფრის მონაწილე, ძალიან რთულია“, - ასე აფასებს ყაზბეგში ზამთრის სეზონს Step Inn-Kazbegi-ის დამფუძნებელი ანი ალიბეგაშვილი.
როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რეგიონში გარდა წყლის პრობლემისა, რომელიც წლებია გრძელდება, არსებობს გზის, მათ შორის, სატრანზიტო მოძრაობის პრობლემა, რომელიც ზამთარში კიდევ უფრო სახიფათო ხდება და უშუქობაც ემატება.
როგორც ანი ალიბეგაშვილი ამბობს, ასეთ ვითარებაში სტუმრები ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიან და იქ ჩასვლის სტიმულიც ეკარგებათ.
„პირველ რიგში ყველას სჭირდება წყალი, რომლის პრობლემაც ყაზბეგში წლებია არსებობს. ზოგჯერ დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მოგვეწოდება და რეზერვუარების შევსებას ვახერხებთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არც ისე იაფი ჯდება მსგავსი ტიპის სისტემების მოწყობა, სურათს ვერ ცვლის იმ სასტუმროებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დამატებითი ინვესტიციის საშუალება. ამ სისტემის მოწყობა დიდ სასტუმროებს (20+ ნომრით) შეიძლება 150-200 ათას ლარამდე მაინც დაუჯდეს. ასეთ ვითარებაში, როდესაც ლიმიტირებულად მოგეწოდება წყალი, რა ფორმით უნდა აუხსნა სტუმარს, რომ გარკვეულ საათებში მოასწროს ბანაობა?! არ ვიცი. მერე უკვე, მსგავსი ტიპის ინფორმაციები ვრცელდება, სტუმრები ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიან და ჩამოსვლის სტიმულიც ეკარგებათ.
ასევე, აუცილებელია, რომ გზების გასუფთავება ხდებოდეს. ჩვენს შემთხვევაში გასაგებია, რომ ცენტრალური გზა არის და ტვირთის გადაზიდვა ხდება, მაგრამ ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ეს. ზაფხულის პერიოდშიც კი, როდესაც მშრალია გზა, სახიფათოა ყაზბეგში გადაადგილება და წარმოიდგინეთ, ზამთარში რა ხდება. დიდთოვლობაში, ცალმხრივი ხდება მოძრაობა, რადგან გვირაბებში ერთმანეთს გვერდს ვერ უვლის ტრანსპორტი, მოსახვევებში ყირავდებიან, შემდეგ საცობებია 7-8 საათი.
დიდთოვლობის დროს, ამ ყველაფერს თან ახლავს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, მაგალითად, დენზე, ცენტრალური ტრანსფორმატორის ან ხაზების დაზიანება. სამუშაო ჯგუფის ამოყვანა ვერ ხდება მალე, შესაბამისად, ეს შეიძლება, 2-3 დღე გაგრძელდეს და უშუქოდ დარჩე. მერე, გეყინება მთელი სისტემები, გინდა ანტიფრიზი გესხას და რაც არ უნდა გაკეთებული გქონდეს. მეორე მხარეს არიან ჩარჩენილი სტუმრები, რომლებსაც ნაქირავები აქვთ ბიუჯეტური საცხოვრებელი და იმიტომ, რომ პრობლემებია, უბრალოდ სცივათ და ვერ ახერხებენ სიამოვნების მიღებას. ბევრი საკითხია, რომელიც კომპლექსურად ერთმანეთს ებმება,“ - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.
კითხვაზე, რა არის გამოსავალი, Step Inn-Kazbegi-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ევროპული გამოცდილების გათვალისწინება.
„საჭიროა, მეტი განათლება წამოვიღოთ ევროპიდან. ვნახოთ, როგორ არის მათი მაღალმთიანი კურორტები მოწყობილი, როგორ მოახერხეს, მინიმუმამდე დაეყვანა ის რისკები, რომელიც ჩვენთვის ასეთი მტკივნეულია. სხვანაირად, ასეთი ველური პირობები შეიძლება შორიდან საინტერესო ჩანდეს, მაგრამ იყო ამ ყველაფრის მონაწილე, ძალიან რთულია“ , - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.