ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „თანამდებობას“ ტოვებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია„თანამდებობიდან“ გადადგება. ინფორმაციას რუსული მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, ვაცხადებ გადადგომას აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან“, - ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში.

ასევე, შეთანხმების მიხედვით, ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები 19 ნოემბერს უნდა დაიშალონ, ამ პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში ბჟანია „გადადგომაზე“ უარს განაცხადებს.

დღეს, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი ბჟანიას „გადადგომის“ საკითხს განიხილავს, მის მოვალეობას კი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს.