Android-ის შემდეგ Chrome-ი - აშშ-ს ანტიმონოპოლიური სამსახური Google-ს ბრაუზერის გაყიდვას აიძულებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს მოსამართლეს მიმართონ თხოვნით, რომ აიძულონ Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი, გაყიდოს Chrome-ის ბრაუზერი. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მიმდინარე წლის აგვისტოში მოსამართლემ დაადგინა, რომ Google-მა უკანონოდ განახორციელა საძიებო ბაზრის მონოპოლია. მედია წერს, რომ ანტიმონოპოლიური დეპარტამენტის წარმომადგენლები აპირებენ ოთხშაბათს, 20 ნოემბერს რეკომენდაციით მიმართონ ფედერალურ მოსამართლე ამიტ მეჰტამს, დააწესოს მონაცემთა ლიცენზირების მოთხოვნები.

Bloomberg-ი წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, არსებობს პოტენციური შესაძლებლობა იმისა, რომ ონლაინ საძიებო ბაზარსა და მზარდი ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში არსებული მონოპოლია შეიცვალოს. მედია იუწყება, რომ იუსტიციის სამინისტრომ კომენტარისგან თავი შეიკავა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ იქამდე ანტიმონოპოლიური უწყება ცდილობდა, ეიძულებინა Google, გაეყიდა Android სისტემა, თუმცა ამ მცდელობისგან ხელი აიღო.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვებ ბრაუზერი საკვანძოა Google-ის სარეკლამო ბიზნესისთვის. ვებ-ტრაფიკის ანალიტიკური სერვისის StatCounter-ის თანახმად, Chrome ბრაუზერი აშშ-ში დღესდღეობით ბაზრის დაახლოებით 61%-ს აკონტროლებს.

ცნობისთვის, კომპანიის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს აღიძრა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროსაც გაგრძელდა. მედიის ცნობით, ეს არის ყველაზე აგრესიული ძალისხმევა ტექნოლოგიური კომპანიის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც ორი ათწლეულის წინ ვაშინგტონმა Microsoft Corp-ის წინააღმდეგ წარუმატებლად გაიბრძოლა.

მერი ტაბატაძე