2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19.025 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 5.468 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 13.556 მლრდ. აშშ დოლარს (გაიზარდა 4.8 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, 8.088 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5 პროცენტია.
„2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1.047 მლრდ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (714.3 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (611.0 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2.219 მლრდ. აშშ დოლარი), აშშ (1.596 მლრდ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1.481 მლრდ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2.636 მლრდ. აშშ დოლარი), რუსეთი (2.061 მლრდ. აშშ დოლარი) და აშშ (1.728 მლრდ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 მლრდ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 36.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 310.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 242 მლნ. აშშ დოლარით (4.4 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2.718 მლრდ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1.090 მლრდ. აშშ დოლარით (იმპორტის 8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 513.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.8 პროცენტი),“ - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.