2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც წლიურად 20%-ით შემცირებაზე მიუთითებს.
საქსტატის მონაცემებით, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი შემოსული მგზავრების წილს აღემატებოდა და 55%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ტვირთებს, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მესამე კვარტალში 4,232 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 13.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
„გადამუშავებული ტვირთის 44.8 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 36.1% - თხევადი ტვირთი, ხოლო 19.1% - ნაყარი ტვირთი“, - აღნიშნულია ანგარიშში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნავსადგურებში და ტერმინალებში საანგარიშო პერიოდში 4121 გემი შემოვიდა, რომელთა 34.2% იყო ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი, 31.3% - თხევადი ტვირთმზიდი, 24% - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10.5% ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
„საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 42.9%-ით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო ვიდრე გასული წლის მესამე კვარტალში, 8.4%-ით მეტი თხევადი ტვირთმზიდი, 2.2%-ით მეტი - გენერალური ტვირთმზიდი, კონტეინერმზიდი კი - 18.2%-ით ნაკლები“, - ვკითხულობთ საქსტატის ანგარიშში.
ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების უდიდესი ნაწილი, 22.6% თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3% - პანამის, 9.2% - მალტის, 6.6% - ლიბერიის, ხოლო დანარჩენი 46.3% სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.