ვინ არის ბადრა გუნბა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო მმართველი ხდება

18 ნოემბერს აფხაზური ოპოზიცია დათანხმდა დე ფაქტო მთავრობის პირობებს, რომ ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე აფხაზეთის მმართველი დე ფაქტო ვიცეპრეზიდენტი, ბადრა გუნბა იქნებოდა.

ვინ არის ბადრა გუნბა

ბადრა გუნბა 1981 წლის 14 აგვისტოს ქალაქ სოხუმში დაიბადა.

2003 წელს სარატოვის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ბუღალტერიისა და აუდიტის სპეციალობით დაამთავრა. 2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის აგვისტომდე გუნბა სარატოვის საქალაქო ადმინისტრაციის საფინანსო კომიტეტის სოციალური სექტორის დაფინანსების განყოფილებისა და მართვის აპარატის წამყვანი სპეციალისტია.

2004 წლის აგვისტოდან 2006 წლის თებერვლამდე სარატოვის ქალაქის ადმინისტრაციის ოქტიაბრსკის რაიონის ფინანსურ განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

2007 წლის აპრილიდან ივნისამდე სარატოვის საქალაქო ადმინისტრაციის ფინანსური კომიტეტის ანალიტიკური განყოფილების კონსოლიდირებული დაგეგმვის სექტორის წამყვანი სპეციალისტია.

2007 წლის სექტემბრიდან 2009 წლის იანვრამდე აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის იურიდიულ მრჩევლად მუშაობდა.

2009 წლის იანვრიდან 2011 წლის ოქტომბრამდე დე ფაქტო კულტურის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2011 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე ე.წ. კულტურის მინისტრია.

2015 წლიდან სამეწარმეო საქმიანობას ეწევა.

2020 წლის 7 თებერვალს ასლან ბჟანიას გუნდში პოლიტიკურმა პარტიებმა, „აიტაირამ“ და „ამცახარამ“ იმავე წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად რეკომენდაცია ბადრა გუნბას გაუწიეს.

2020 წლის 22 მარტს დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, რა პოსტზეც მუშაობას გუნბა 23 აპრილიდან შეუდგა.

იხილეთ ასევე: დაჯავშნილი ავტომობილი, სუპერჯეტი, ბინები მოსკოვსა და სოჭში - რა ქონებით ტოვებს ასლან ბჟანია „პრეზიდენტის“ პოსტს

მოამზადა ლადო სულაბერიძემ