ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ნავთობის ექსპორტი 4%-ით შემცირდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით იანვარ-ოქტომბერში ნავთობის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით, ანუ 24,2 მლნ ტონამდე დაეცა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებში წერია.

აღნიშნულ პერიოდში ბთჯ-ის მილსადენით გადაზიდული ტრანზიტული ნავთობის მოცულობა წლიური თვალსაზრისით 4,270 მლნ ტონიდან 4,475 მლნ ტონამდე გაიზარდა.

ბთჯ-ის მილსადენით გადაზიდული ნავთობის მთლიან მოცულობაში მხოლოდ აზერბაიჯანის წილი 75,3%-ია, რამაც მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 32,1 მლნ ტონა შეადგინა. აზერბაიჯანის გარდა, ბთჯ-ის მილსადენით ნავთობის ექსპორტს ყაზახეთი და თურქმენეთი ეწევა.

ცნობისთვის: ბთჯ-ის მილსადენის მთლიანი სიგრძე 1,768 კილომეტრია, რომელიც ნავთობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თურქეთის პორტ ჯეიჰანს ტანკერებით შემდგომი გადაზიდვისთვის აწვდის. მილსადენის სიმძლავრე დღეში 1,2 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტის საშუალებას იძლევა. პროექტის თანახმად, მილსადენის სიმძლავრის გაზრდა დღეში 2,2 მლნ ბარელამდე არის შესაძლებელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ