ვლადიმერ პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, ვადგენ: დამტკიცდეს ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის თანდართული საფუძვლები“, - აღნიშნულია განკარგულებაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ბირთვული შეკავების სფეროში თავდაცვითი ხასიათისაა და რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს განიხილავს, როგორც შეკავების საშუალებას, რომლის გამოყენება უკიდურესი და აუცილებელი ზომაა.

„რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ პოტენციური მტრის აგრესიისგან შეკავება ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი პრიორიტეტია. რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთის ან ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რომელიც კრიტიკულ საფრთხეს უქმნის მათ ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ სამხედრო კოალიციის წევრი ნებისმიერი სახელმწიფოს აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ განიხილება როგორც მთლიანი კოალიციის აგრესია და აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული სახელმწიფოს მიერ ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით განიხილება ერთობლივ თავდასხმად.

„რუსეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს, ბირთვული იარაღი მისი ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საპასუხოდ. რუსეთი ახორციელებს ბირთვულ შეკავებას პოტენციური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ: სახელმწიფოების, ბლოკებისა და ალიანსების, რომლებიც რუსეთს მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ“, - წერია დოკუმენტში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული შეკავების სახელმწიფო პოლიტიკა მიზნად ისახავს ბირთვული ძალების პოტენციალის შენარჩუნებას ბირთვული შეკავებისთვის საკმარის დონეზე.

„ბირთვული შეკავება მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ესმოდეს, რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში საპასუხო მოქმედების გარდაუვალობა. სამხედრო კონფლიქტის დროს სახელმწიფო პოლიტიკა ბირთვული შეკავების სფეროში უზრუნველყოფს საომარი მოქმედებების შეწყვეტას რუსეთისთვის მისაღები პირობებით. ბირთვული შემაკავებელი ძალების გარკვეული ნაწილის მუდმივი მზადყოფნის შენარჩუნება რუსეთის ბირთვული შეკავების პრინციპების ნაწილს წარმოადგენს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში ძალაში დღეიდან შედის.