„კონფიდენციალური ინფორმაციაა სად ინახება, თუმცა მონეტარული ოქრო საქართველოშია“

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული ოქროს რეზერვები შეიძინა.

როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა განაცხადა, ოქროს შეძენა აქტივების დივერსიფიკაციის მიზნით მოხდა.

„საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება. ჩვენ მონეტარული ოქრო შევიძინეთ იმისთვის, რომ მოგვეხდინა აქტივების დივერსიფიკაცია და მათ შორის ინფლაციისგან ვყოფილიყავით დაზღვეული. ოქრო გაზაფხულზე შევიძინეთ და მას მერე მისი ფასი მკვეთრად გაზრდილია, მოგება უკვე დაახლოებით, 30 მლნ-მდე მივიღეთ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არის ეს მონეტარული ოქრო, ბუნებრივია, სახელმწიფო/კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ის არის ჩვენს ქვეყანაში და აქ ინახება,“ - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს 2024 წლის 1-ელ მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სებ-მა 7 ტონა, უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და იმ პერიოდში, გარკვეული დროით, ლონდონშივე ინახებოდა.

ცნობისთვის, 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკი 627.427 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარულ ოქროს ფლობს.

ეკა დარჩიაშვილი