„ფეროშენადნობების წარმოება აზრს კარგავს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნუგზარ კევლიშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი წელია სილიკომანგანუმის ფასები მკვეთრად ეცემა. კევლიშვილის თქმით, ფასების კლება ამჟამადაც გრძელდება.
„ფასები უფრო და უფრო ქვემოთ მოდის. რაც შეეხება მოთხოვნას, შეიძლება მოთხოვნა არის, მაგრამ ფასი იმდენად დაბალია და არარეალურია რომ ყოველგვარ აზრს კარგავს წარმოება. გაყიდვით პროდუქცია იყიდება მაინც“, - აღნიშნავს კევლიშვილი.
2024 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2025 წლის 1-ელ მარტამდე ზესტაფონის ფეროშენადნობმა ქარხანამ წარმოება შეაჩერა და მთლიანად მართვის რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნულის მიზეზად „ჯეორჯიან მანგანეზმა“ დაასახელა გლობალურ ბაზარზე ფასების დაცემა და მადნის დეფიციტი, რომელიც ჭიათურის მაღაროდან, მიმდინარე პროტესტის გამო, ვეღარ მოიპოვეს.
კევლიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ამჟამად სტაბილურად მხოლოდ ერთი ფეროშენადნობი ქარხანა, „ჭიათურა მანგანუმი“ ფუნქციონირებს.
„ამჟამად ქვეყანაში სტაბილურად მუშაობს მხოლოდ „ჭიათურა მანგანუმის“ ფეროშენადნობი ქარხანა“, - აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ.
ფეროშენადნობები ის პროდუქციაა, რომელზეც საექსპორტო შემოსავლების უდიდესი ნაწილი მოდის და პირველ ადგილსაც იკავებს. მაგალითად, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში წლიურად ფეროების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 117%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ ექსპორტზე გაიტანა 310 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების 270 232 ტონა ფეროშენადნობები.
მიმდინარე წლის მონაცემებს თვეების მიხედვით თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ოქტომბერში წინა თვეებთან შედარებით, რეკორდული რაოდენობის პროდუქცია გავიდა ექსპორტზე. კერძოდ, მხოლოდ ერთ თვეში ქვეყანამ ფეროების ექსპორტიდან 83.4 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ექსპორტზე კი სულ 73 410 ტონა გავიდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში სტაბილურად მხოლოდ ერთი ქარხანა მუშაობს, საინტერესოა, როგორ აისახება მომავალ თვეებში ექსპორტსა და შესაბამისად, შემოსავლებზე წარმოების შემცირება.
კევლიშვილი აღნიშნავს, რომ ზესტაფონის ქარხნის გარდა, მარაგი არც ერთ გაჩერებულ ქარხანას არ გააჩნია. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ მომავალ პერიოდში ფეროების წილი ექსპორტში შემცირდება.
„ზესტაფონის ფეროშენადნობის გარდა მარაგი აბსოლუტურად არავის არ აქვს. მინიმალური შეიძლება რომელიმე ქარხანას დარჩა. აქედან გამომდინარე, ძალიან ნეგატიურად აისახება და ძალიან დაბალი იქნება ფეროშენადნობების წილი ექსპორტში. პრაქტიკულად, ქარხნები გაჩერებულია“, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.