რუსეთის ეკონომიკაში, თითქმის, ყველა არსებული რესურსი ათვისებულია - ამის შესახებ ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ეს ქვეყანა პირველად აღმოჩნდა ისეთ ვითარებაში, როცა უმუშევრობის დონე 2,4%-დან ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო კადრების დეფიციტი ისევ იზრდება.
ნაბიულინა ამბობს, რომ რუსეთს ასეთი დაბალი უმუშევრობა არასდროს ჰქონია და “სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც უმუშევრობა ოდესმე ასე დაცემულიყო.” ამის პარალელურად, “როსსტატის” მიხედვით, საწარმოების 73% პერსონალის დეფიციტს განიცდის, ხოლო ქარხნებში სიმძლავრის გამოყენების დონემ 80%-ს გადააჭარბა, რაც, ასევე, ისტორიული რეკორდია.
ნაბიულინას შეფასებით, როდესაც ეკონომიკა თავისი წარმოების შესაძლებლობების ზღვარს აღწევს, ხოლო მოთხოვნა კვლავ სტიმულირდება, დგება სტაგფლაცია. სტაგფლაცია არის ინფლაციის მაღალი ტემპი, რომელსაც წარმოების სტაგნაცია და უმუშევრობის მაღალი დონე ერთვის თან. ის ფასებისა და უმუშევრობის დონის ერთდროული ზრდით ხასიათდება. რუსეთის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს სწორედ ამ რისკის თავიდან ასაცილებლად ზრდის.
”სტაგფლაცია დაუსაბუთებლად რბილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შედეგია და ის უნდა გამკაცრდეს,” - ამბობს ნაბიულინა.
“როსსტატის” მიხედვით, მართალია, რუსეთის ეკონომიკა ზრდას განაგრძობს, მაგრამ ტემპი ნელდება, რადგან კრედიტები ძვირდება, ნედლეულის ინდუსტრია კარგავს დასავლეთის ბაზრებს, ხოლო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხნები სიმძლავრის ლიმიტს აღწევს. ოფიციალური მონაცემებით, პირველ კვარტალში 5.4%-იანი ზრდის შემდეგ რუსეთის მშპ მეორე კვარტალში 4.1%-ით, ხოლო მესამეში 3.1%-ით გაიზარდა.
ცენტრალური ბანკის პროგნოზით, მომავალ წელს ეკონომიკა შესაძლოა, სტაგნაციის ზღვარზე აღმოჩნდეს. კერძოდ, მშპ მხოლოდ 0,5-1%-ით გაიზრდება, ხოლო ინვესტიციებისა და კერძო მოხმარების ზრდის ტემპი განულდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომავალ წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი სამჯერ, ანუ 3,9%-დან 1,3%-მდე შენელდება. ამასთან, რუსეთის ეკონომიკა 3,5-ჯერ ჩამორჩება ჩინეთს, რომლისთვისაც ფონდი 4,5%-იან ზრდას პროგნოზირებს და ხუთჯერ ჩამორჩება ინდოეთს (6,5%). ასევე, 2029 წლისთვის რუსეთის ზრდის ტემპი კიდევ უფრო, ანუ წელიწადში 1,2%-მდე შენელდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ