საქართველოს მთავრობა ამერიკულ ლობისტურ ფირმა Chartwell Strategy Group-ს 485 312 დოლარს გადაუხდის

საქართველოს მთავრობა ამერიკულ ლობისტურ ფირმა Chartwell Strategy Group 485 312 დოლარს გადაუხდის. მთავრობამ აღნიშნული თანხა საგარეო საქმეთა სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან უნდა გამოუყოს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 480 ათასი დოლარი ლობისტურ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღებისთვის გამოეყოფა.

დანარჩენი 5 312 დოლარი კი Chartwell Strategy Group-ის წარმომადგენლების ნიუ-იორკში მივლინების ხარჯების ასანაზღაურებლად არის გამიზნული.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის ვებგვერდზე, FARA-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობამ Chartwell Strategy Group-თან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

თვეში საქართველოს მთავრობას ლობისტური კომპანიისთვის 40 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა, წელიწადში კი 480 ათასის გადახდა უწევდათ. თუმცა როგორც განკარგულებიდან ირკვევა, ღირებულება 485 312 დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება მომსახურების ტიპს, საქართველო-აშშ-ის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით დაახლოებას უკავშირდებოდა.

FARA-ს 26 სექტემბერის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობასა და ამერიკას შორის ლობისტურმა კომპანიამ უზრუნველყო 14 გაცნობითი ელექტრონული ფოსტის (მეილის) ორგანიზება. გარდა ამისა, 11 ელექტრონული შეტყობინება შედგა ანაკლიის საკითხზე, 4-ჯერ განხორციელდა მიმოწერა არჩევნებთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს მთავრობამ 3-ჯერ მოითხოვა შეხვედრის ორგანიზება. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შეხვედრა ჯამში ორჯერ შედგა.

ცნობისთვის, მთავრობამ Chartwell Strategy Group-თან ხელშეკრულება პირველად 2018 წელს გაფორმდა და ხელშეკრულება მას შემდეგ ყოველწლიურად ხანგრძლივდება.

საკონსულტაციო ფირმა - Chartwell Strategy Group - სპეციალიზებულია მთავრობებთან ურთიერთობებში, პოლიტიკური რისკების მართვისა და სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილში. თანამშრომლობს როგორც კორპორაციებთან, ასევე მთავრობასთან, არაკომერციულ ოპერატორებთან, სავაჭრო ასოციაციებთან და ა.შ.

მერი ტაბატაძე