დაიწყება ნატახტარი-ჟინვალის 27-კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, - ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული.
შეგახსენებთ, რომ ნატახტარი-ჟინვალისა და თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსდა. იმ პერიოდშივე დაიწყო აღნიშნული მაგისტრალების პროექტირებაზე მუშაობა. პროექტი, ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს. იმავე პერიოდში გზების პროექტირების მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა იტალიურ კომპანიასთან (ერთობლივი საწარმო) ANAS International Enterprise S.p.A. & Gestione Progetti Ingegneria srl. & IRD Engineering srl.
როგორც „ბიზნესპრესნიუსისთვის“ არის ცნობილი, ამ დროისთვის ნატახტარი-ჟინვალისა და თბილისის ახალი შემოვლითი გზის პროექტი არის მოკვლევა-ადრეული პროექტირების ეტაპზე, შესაბამისად პროექტის დეტალები სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
თუმცა, იტალიური კომპანიის (ერთობლივი საწარმო) ANAS International Enterprise S.p.A. & Gestione Progetti Ingegneria srl. & IRD Engineering srl ვებ-გვერდზე გავრცელებულია ფოტო-მასალა იმ სავარაუდო მარშრუტის შესახებ, სადაც შეიძლება გაიაროს თბილისის ახალმა შემოვლითმა გზამ. კერძოდ, როგორც ფოტოდან ირკვევა გზა დაიწყება ჟინვალიდან, მცხეთაში ჯვრის მონასტერთან გაიჭრება ახალი გვირაბი, შემდეგ მაგისტრალი გვერდს აუვლის თბილისის ზღვას, დიდი ლილოს მიმართულებით და დაკავშირდება რუსთავს.