როგორი იქნება და როდის ამოქმედდება სოხუმის აეროპორტი

სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი მომავალი წლის ზაფხულიდან ამოქმედდება - ამის შესახებ რუსული მედია რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩის, ალხას კვინცინიას განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მისი სრული ფუნქციონირება 2025 წლის ზაფხულისთვის იგეგმება“, - განაცხადა მან.

კვიცინიამ აეროპორტის ამოქმედებას რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელობის „დიდი დამსახურება“ უწოდა.

„ეს ბიძგს მისცემს აფხაზეთის, განსაკუთრებით კი ქვეყნის აღმოსავლეთის ეკონომიკურ განვითარებას. ტურისტებს გაუადვილდებათ ჩვენთან მოხვედრა, რადგან მდინარე ფსოუს გასწვრივ საზღვრის გადაკვეთა უამრავ უხერხულობას ქმნის, სადაც საკურორტო სეზონზე ხშირად გრძელი რიგებია“, - ასე შეაფასა დე ფაქტო ელჩმა აეროპორტის გახსნის მნიშვნელობა.

soxumis-aeroporti4-1732095362.jpg

ცნობისთვის: სოხუმის აეროპორტი 1993 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გადაწყვეტილებით დაიხურა. იმ პერიოდიდან უფუნქციოდ დარჩენილი სოხუმის „ბაბუშერას“ აეროპორტის აღდგენის საკითხი პირველად 2020 წლის ნოემბერში, სოჭში პუტინისა და აფხაზეთის მაშინდელ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრაზე გახმიანდა. 2023 წლის ოქტომბერში აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროსა და რუსულ კომპანია „ინფრასტრუქტურულ განვითარებას“ შორის, რომლის თანამფლობელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევ-უმცროსია. ეს კომპანია კრემლმა გასული წლის 10 ივლისს, სპეციალურად სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის დააფუძნა.

პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია 3.1 კმ-იანი ასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქცია, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს, მიიღოს რუსული SSJ-100-ისა და MS-21-ის მოდელის სამგზავრო, ასევე, IL-76-ის ტიპის სატვირთო თვითმფრინავები. ასევე პირველ ეტაპზე იგეგმება ისტორიული შენობის გარემონტება. ახალი აეროპორტის გამტარუნარიანობა საათში 1300 მგზავრი იქნება. მთლიანობაში, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ განახლებული აეროპორტის ტრაფიკის ჯამური მოცულობა წელიწადში, დაახლოებით, 1,2 მილიონ მგზავრს მიაღწევს.

გარდა ამისა, სოხუმის აეროპორტში

  • მოეწყობა ახალი ავარიულ-დამხმარე სადგური
  • განახლდება ისტორიული ტერმინალი
  • მოეწყობა საპარკინგე ზონა
  • შენობაში განთავსდება ოფიციალური პირების და დელეგაციების მისაღებად სპეციალური ზონა

ეკა დარჩიაშვილი