2024 წლის მე-3 კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 18.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6.9%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
კვლევის თანახმად, მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 10%-ით ნაკლები იყო და სულ 16 მლნ შეადგინა. საგულისხმოა, რომ ტელევიზიებისთვის 2024 წლის მე-3 კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 74%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, ხოლო 13.5% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.
„აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში დაიწყო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი. მოქმედი კანონმდებლობა, აღნიშნული პერიოდის მიმდინარეობისას მაუწყებლებს უფლებას აძლევს საკუთარ ეთერში განათავსონ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების მიერ რეკლამის განთავსებისთვის დათმობილი დრო განაწილდა კომერციულ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს შორის, რამაც კომერციული რეკლამისათვის დათმობილი დრო შეამცირა. გამომდინარე იქედან, რომ ComCom-ის ანგარიშები მოიცავს მხოლოდ კომერციული სარეკლამო შემოსავლების ანალიზს, ანგარიშში ფასიანი პოლიტიკური რეკლამით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებული არ არის.
სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის მე-3 კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც 5.6 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.7 მილიონი ლარით ნაკლებია. 2.1 მილიონი ლარი მიიღო „რუსთავი 2“-მა (მედია ჰოლდინგი), რაც წინა წელთან შედარებით 0.4 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.2 მილიონი ლარით შემცირდა „მთავარი არხის“ შემოსავალი და 1.6 მილიონს გაუტოლდა. მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში 1.4 მილიონი ლარი მიიღო „პოსტვ“-იმ, რაც გასულ წელთან შედარებით 0.4 მილიონით ნაკლებია. უცვლელი დარჩა „ტელეკომპანია პირველის“ კომერციული შემოსავალი, რომელმაც 1.2 მილიონი ლარი შეადგინა. ნახევარი მილიონი ლარით შემცირდა და 0.8 მილიონი შეადგინა „ფორმულას“ შემოსავალმა, ხოლო „ბი ემ ჯი“-ის შემთხვევაში, კომერციული შემოსავლები 0.1 მილიონით გაიზარდა და 0.8 მილიონს გაუტოლდა. „ჯი-დი-ეს თი-ვი“-იმ 0.6 მილიონი ლარი მიიღო, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.1 მილიონით ნაკლებია. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შემოსავალი როგორც გასული წლის მე-3 კვარტალში, ისე მიმდინარე წელს, 0.5 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო რაც შეეხება „სილქნეტს“, მათი კომერციული შემოსავლები 0.1 მილიონით გაიზარდა და სულ 0.2 მილიონი ლარი შეადგინა,“- აღნიშნულია კომისიის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, რადიომაუწყებლების მიერ 2024 წლის მესამე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 25.1%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 90.1% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 9.9% სპონსორობაზე მოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.