საქართველოში მეორეული საბურავების იმპორტი შემცირდა. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში შემოვიდა 14.6 მილიონი დოლარის ღირებულების 13 489 ტონა საბურავები, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 16.4 მილიონი დოლარის ღირებულების 15 585 ტონა.
საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში მეორეული საბურავები უმეტესად იაპონიიდან, გერმანიიდან, ბულგარეთიდან, შვეიცარიიდან და ნიდერლანდებიდან შემოდის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ კომპანიებით, რომლებსაც ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით აღნიშნული პროდუქცია შემოაქვს. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მეორეული საბურავების იმპორტს შპს „ავტო სტანდარტ ჯგუფი“, შპს „ევრაზთაიერ“, შპს „ენჯი“, შპს „მობ იპორტი“ და შპს „შენიქსი“ ახორციელებს.
ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებსაც საქართველოში მეორეული საბურავები შემოაქვს
- „ავტო სტანდარტ ჯგუფი“ სამეწარმეო რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა, მისი დირექტორი რამაზი საყვარელიძეა. კომპანიის წილებს თანაბრად ინაწილებენ საყვარელიძე და კახაბერ ქემერტელიძეს. საქსტატის მონაცემებით, კომპანიას მეორეული საბურავები ავსტრიიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან და რუმინეთიდან შემოაქვს.
- „ევრაზთაიერ“ 2017 წელს არის რეგისტრირებული, კომპანიის დირექტორი კახაბერ გურგენიძეა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის წილებს სეიშელის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია „საუთ ბეი ლიმიტედ“ ფლობს. კომპანია მეორეული საბურავების საქართველოში იმპორტს ავსტრიიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, იაპონიიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ახორციელებს.
- „ენჯის“ საბურავები ჰონგ-კონგიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, იაპონიიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან შემოაქვს. 2016 წელს დაფუძნებული კომპანიის დირექტორი ნათია გომართელია. ის და ზურაბ მეგუთნიშვილი კომპანიის წილებს თანაბრად იყოფენ.
- „მობ იპორტი“ საბურავებს ავსტრიიდან, იაპონიიდან და შვეიცარიიდან ყიდულობს. კომპანია 2012 წელს დარეგისტრირდა. მის დირექტორად ოთარ ბერიაშვილი ფიქსირდება. ბერიაშვილი წილების 67%-ს ფლობს, 33%-ს კი გიორგი კობახიძე განკარგავს.
- „შენიქსის“ მფლობელი და დირექტორა სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ალექსანდრე შეყილაძეა. „შენიქსი“ 2020 წელს არის დარეგისტრირებული. მას მეორეული საბურავები ჩინეთიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან და იაპონიიდან შემოაქვს.