ავტობუსის მძღოლის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 3 151 ლარს შეადგენს

მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული იყო 2326 მძღოლი, - ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ თბილისის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

დედაქალაქის მერიის ცნობით, 1-ლი იანვრიდან 1-ელი სექტემბრის პერიოდში ავტობუსის მძღოლებისთვის დარიცხულმა თანამდებობრივმა სარგომ 47 636 413 ლარი შეადგინა.

„M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლების ანაზღაურების დაანგარიშება ხორციელდება კომპანიის საშტატო განრიგით დამტკიცებული საათობრივი სატარიფო განაკვეთისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატების მიხედვით და დამოკიდებულია M3 კატეგორიის ავტობუსის ტევადობასა და ზომაზე“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ მერიაში.

უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ერთი მძღოლისთვის დარიცხული საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 3 151 ლარს გაუტოლდა.

მერი ტაბატაძე