სებ-მა ქართულ სისტემურ ბანკებს სხვა ქვეყნის ბანკისთვის სესხის გაცემაზე ახალი ლიმიტი დაუწესა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში ცვლილებები შეიტანა. დებულების განახლებული ვერსიით, ქართულ სისტემური მნიშვნელობის ბანკს ეზღუდება სხვა ქვეყნის სისტემური ბანკისთვის იმ მოცულობის სესხის მიცემა, რომელიც ქართული სისტემური ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს აღემატება.

აღნიშნული ცვლილება „კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის ბრძანებაში შევიდა. თავდაპირველ ვარიანტში ლიმიტის მოცულობა საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს შეადგენდა.

„როდესაც რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკის მსესხებელი პირი არის სხვა რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკი, მის მიმართ არსებული რისკის პოზიცია, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 15%-ს. ამასთან, რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკის რისკის პოზიციის ღირებულება, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშე, გარდა ამავე ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით, ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტებითა და ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფისა, სხვა რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკის მიმართ არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 50%-ს.“ - აღნიშნულია ცვლილებაში.

ამასთან, დაზუსტდა ბანკის მიერ რისკის პოზიციების შექმნის დეტალები.

კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, აკრძალულია ბანკის მიერ ისეთი რისკის პოზიციების შექმნა, რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ დააფინანსოს:

  • ა) ამავე ბანკის წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტის შეძენა;
  • ბ) ამავე ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის, ან მაკონტროლებელი პირის ან ამავე ბანკის სათავო საწარმოს/საწარმოების წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტის შეძენა;
  • გ) ამავე ბანკის შვილობილი კომპანიის ან ამავე ბანკის სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი კომპანიის წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტის შეძენა.“.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებაშია აღნიშნული, ცვლილებები ძალაში დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე შედის.